გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. სისხლის დიდი დანაკარგი აღენიშნება, მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა“, - აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ 3 ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო. დაჭრილთაგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დანარჩენ ორ პირს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია.
მათივე განმარტებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი ადგილზევე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.