ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ ვიღაცამ ”წაიხალტუროს”, მითუმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე ბაღში საკვებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც მონიტორინგმა პრობლემა გამოააშკარავა, პროდუქტი მაშინვე ამოღებული იქნა და გადაიგზავნა ლაბორატორიაში. როგორც მერმა აღნიშნა, პასუხი ალბათ უახლოეს საათებში იქნება და თუ რაიმე პრობლემა აღმოჩნდა, ზომები უმკაცრესი იქნება.
„მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ კომპრომისს ვერ დავუშვებთ, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, პატარებს, ჩვენს მომავალ თაობებს. ჩვენ ვართ ხარისხზე ორიენტირებული მთავრობა, შესაბამისად, ყოველთვის ვიქნებით მაქსიმალურად მომთხოვნები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბაღებში საკვები შემცირებული არ არის.
„ჩვენ იმას ვერ შევეგუებით, რომ ვიღაცამ რაღაც ”წაიხალტუროს”, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს. როდესაც ჩვენმა მონიტორინგმა ეს პრობლემა გამოააშკარავა, პროდუქტი ამოღებული იქნა და გადაიგზავნა ლაბორატორიაში. უახლოეს საათებში ალბათ გვექნება ცნობა, თუ რა სახის პროდუქტია და თუ პრობლემა იქნა, ზომები უმკაცრესი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება კალორაჟის შემცირებასთან დაკავშირებული კითხვას, კალაძემ განაცხადა, რომ ეს საერთაშორისი სტანდარტების შესაბამისად მოხდა.