პრეზიდენტის პოსტზე არც ერთ ხსენებულ კანდიდატურას არ გამოვრიცხავ, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ ფორმატში მსჯელობა არ დაწყებულა და საუბარი ჯერ ნაადრევია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
ამასთან, კვაჭანტირაძის ვარაუდით, პარტია “ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის თემის წამოწევა, შესაძლოა პრეზიდენტის გააქტიურებას უკავშირდებოდეს.
“პირველ რიგში, გეტყვით, რომ დღემდე, არც ერთ ოფიციალურ ფორმატში პრეზიდენტობის კანდიდატის საკითხის განხილვა არ მომხდარა. დადგება დრო, როცა პარტია საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ განცხადებას გააკეთებს. შეიძლება ნებისმიერ დასახელებულ კანდიდატზე საუბარი, მაგრამ ოფიციალურ ფორმატში ჯერ ამის განხილვა არ მომხდარა. ლოგიკურად, იდეაში ორივე კანდიდატი დასაშვებია, რადგან ერთი პარტიის ლიდერი და მთავრობის ხელმძღვანელია, ხოლო მეორე - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის განმახორციელებელი მინისტრი. ამაზე არავინ დავობს, მაგრამ პრეზიდენტის პოსტზე მათ დასახელებაზე ოფიციალურ ფორმატებში საუბარი არ ყოფილა, რადგან ჯერ ადრეა. რა თქმა უნდა, არის საუბარი, ვინ შეიძლება იყოს პრეზიდენტობის კარგი და ღირსული კანდიდატი. არც ერთი და არც მეორე კანდიდატი არ შეიძლება იყოს გამორიცხული, მაგრამ ამაზე მსჯელობა არ დაწყებულა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზვიად კვაჭანტირაძემ.
მმართველ პარტიაში პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობიდან განიხილება. სახელმწიფო მეთაურის პოსტზე კვლავ საუბარია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, ასევე ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შესაძლო წარდგენაზე.
“ქართული ოცნების“ დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე ღია კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. კულუარულად კი საუბრობენ, რომ არ არის გამორიცხული კვირიკაშვილმა ახლო მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს. ამასთან, მათი განმარტებით, პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატები ჯერ მხოლოდ არაოფიციალური საუბრების დონეზე განიხილება და ოფიციალური კონსულტაციები ამ თემაზე არ დაწყებულა.
2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთჯერადად, 6-წლის ვადით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც გადაწყვეტილებას პრეზიდენტის არჩევაზე ამომრჩეველი მიიღებს.