ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ეკატერინე მიქაბაძემ და გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღეს დონორთა საერთაშორისო საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ იმართება. წლევანდელი შეხვედრა ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით საერთაშორისო დონორთა მხარდასაჭერ პროგრამებს შეეხებოდა. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოში მომუშავე საერთაშორისო დონორთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
“შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება და მასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე ვისაუბრეთ საბაჟო, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს დონორთა დახმარების საჭიროება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დონორთა მიერ გაწეული დახმარებების მიღების პროცესის კოორდინირება.
„შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ სხვადასხვა მიმართულებებსა და საკითხებთან დაკავშირებით მოხდება უწყებებთან იმ საჭიროებების საკითხის გავლა, რომლებიც მათ აქვთ. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან დახმარებას მივიღებთ,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.
შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შესახებ.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.
ეკონომიკურ სამუშაო ჯგუფს სახელწოდებით “მდგრადი და ინკლუზიური ზრდა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ვინსენტ რეი თავმჯდომარეობენ. აღნიშნული ჯგუფი კოორდინირებულად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორებთან კოორდინაციის სამსახურთან.