ნატო-ს სამხედრო კომიტეტის 178-ე სესიაზე საქართველოსა და უკრაინაში არსებულ უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავენ

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის 178-ე სესიაზე საქართველოსა და უკრაინაში არსებულ უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავენ

ბრიუსელში, დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის 178-ე სესია გაიმართება. სესია ორი დღე - 16 და 17 იანვარს გაგრძელდება. სესიას დაესწრებიან საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებიც. განხილვები შეეხება რეფორმების პროცესსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

„სამხედრო კომიტეტი, ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანო შეიკრიბება 2018 წლის 16 – 17 იანვარს, ნატო-ს შტაბში, ბრიუსელში, ბელგიაში. შეხვედრას უხელმძღვანელებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი პერტ პაველი. ნატო-ს სამხედრო მეთაურები განიხილავენ რთულ გამოწვევებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნატო-ს სამხრეთ ფლანგზე და ალიანსის წვლილს ვითარების სტაბილიზაციაში. სამხედრო მეთაურები „მტკიცე მხარდაჭერის“ პროგრამის პარტნიორებთან ერთად განიხილავენ „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ავღანეთში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია, რომ სამხედრო მეთაურები ისაუბრებენ „საერთაშორისო კოალიციაზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ“ და ნატო-ს როლზე ერაყში 2018 წელს. შეხვედრები უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლებთან შეეხება უსაფრთხოების საკითხებს ამ ქვეყნებში, თავდაცვის რეფორმის პროგრესსა და სხვა საკითხებს. სამხედრო მეთაურები მიიღებენ ინფორმაციას და განიხილავენ წამოყენებულ რეკომენდაციებს „ნატო-ს სამეთაურო სტრუქტურის ადაპტირებულ ჩარჩო-სქემასთან“ დაკავშირებით.

17 იანვრის სესიაზე კი საუბარი შეეხება საქართველოსა და უკრაინის საკითხებს.

„სესია დაიწყება უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრით. სესიაზე შესაძლებელი იქნება უკრაინასა და მის შემოგარენში თავდაცვის განვითარებაზე საუბარი და პროგრესის შეფასება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორების რეფორმირებაში. სესია საქართველოზე ორიენტირებული იქნება თავდაცვის რეფორმის უწყვეტ პროგრესზე და „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ განვითარებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ ნატო-ს შტაბბინაში, ბრიუსელში სამხედრო მეთაურების დონეზე და განიხილავენ ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებს და აწვდიან საკუთარ კონსენსუსზე დამყარებულ სამხედრო ხედვას ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა უპასუხოს ალიანსმა გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.