ნარკოპოლიტიკის საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორების მიდგომებს ეხმიანება

ნარკოპოლიტიკის საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორების მიდგომებს ეხმიანება

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაში ასახული პოზიცია პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტის პრინციპებთან თანხვედრაშია, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორია.

ზოიძის თქმით, საპატრიარქოს პოზიცია საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორების მიდგომებს ეხმიანება.

“პაკეტში იგივე პრინციპებია ჩადებული. ეს პრინციპებია ერთის მხრივ, დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გამსაღებლებთან და გამავრცელებლებთან და მეორეს მხრივ, საპატიმრო სასჯელით დასჯის ნაცვლად, ზრუნვა ნარკოტიკების მომხმარებლებზე, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როცა საუბარია მოხმარების მიზნით, მცირე ოდენობის ფლობაზე. ეს არის კანონპროექტის ძირითადი პრინციპი. ის, რომ ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამას ჩვენც ვაცხადებთ და მომავალშიც განვაცხადებთ. პრევენცია არის ერთადერთი გზა იმისა, რომ შემცირდეს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები. ჩვენ ვართ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაციის წინააღმდეგი. შესაბამისად, მიდგომა და პოზიციები, რაც საპატრიარქოს განცხადებაშია გადამოცემული და რაც გვაქვს ჩვენ, ერთმანეთს ეხმიანება და ეთანხმება“, - განუცხადა ზოიძემ “ინტერპრესნიუსს“.

მისივე თქმით, პროექტის ინიციატორების მიზანი და სურვილია, ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რაც შეიძლება ფართო დისკუსიისა და საზოგადოებრივი განხილვის თემა გახდეს.

“ჩვენ არავითარ შემთხვევაში ისეთ კანონს არ მივიღებთ, რომელიც არ იქნება ყოველმხრივ შეჯერებული. არის საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ეს ასახულია იმ დისკუსიაში, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებაში. დაინტერესებულ მხარეებთან ინტენსიური დისკუსია მიდის და ჩვენ შევძლებთ პოზიციების შეჯერებას. ჩვენ საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ, რომ კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს არც ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას, არც პოპულარიზაციას. პირიქით, ეს იქნება ერთადერთი მდგრადი გზა ნარკოტიკების მოხმარების შემცირებისკენ და ნარკოდამოკიდებულების უზარმაზარი პრობლემის აღმოფხვრისაკენ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

საქართველოს საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერებას ითხოვას. საქართველოს საპატრიარქო ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის, რომელშიც მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ასევე, ინტელიგენცია და სამართალდამცველები მიიღებენ.

როგორც საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსიის მიზანია, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.