"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებს. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
"ბუნებრივია, ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მართებს უახლოეს დღეებში კითხვებს ძალიან მკვეთრი და ობიექტური პასუხები გასცეს, რათა საზოგადოებამ რეალურად გაიგოს რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც რა დროც არ უნდა გავიდეს, ხელისუფლება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. მოწადინებული ვართ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ გამოძიებას, მაგრამ ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანაში შემოიყვანა ტერორისტები და თავის დროზე სრულიად უკანონოდ გაათავისუფლა ჩატაევი, ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ობიექტური გამოძიების შედეგებს დადებს",- განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, გამოძიებას აქამდეც უნდა დაედო შუალედური შედეგები.
"გამოძიებას საზოგადოებისთვის უნდა ეცნობებინა თუ როგორ აღმოჩნდნენ კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები თბილისის შუაგულში, ვინ შემოიყვანა ისინი, ან ვისი ხელშეწყობით მოხვდნენ ქვეყანაში, როგორ მოხდა მათი შეიარაღება თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში. უამრავი კითხვაა, თუმცა არც ერთზე პასუხი არ მიგვიღია",- განაცხადა მელიამ.