სალომე ზურაბიშვილი ტრამპის განცხადებაზე - ჩვენ ერთი ქვეყნის მუქარებს ჩამოვშორდით და მეორე ქვეყნის მუქარებს არ უნდა დავექვემდებაროთ

სალომე ზურაბიშვილი ტრამპის განცხადებაზე - ჩვენ ერთი ქვეყნის მუქარებს ჩამოვშორდით და მეორე ქვეყნის მუქარებს არ უნდა დავექვემდებაროთ

ჩვენ არ ვიყიდებით, - ასეთი პოზიცია აქვს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ქვეყნის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ამერიკის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, დაფინანსებას შეუწყვეტს.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, იმაზე, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ გაერო-ს ასამბლეის სხდომაზე, მსჯელობაა საჭირო. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საკითხის მსგავსი ფორმით დაყენება, მართებული არ არის. 

”მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის მუქარებს ჩამოვშორდით და მეორე ქვეყნის მუქარებს არ უნდა დავექვემდებაროთ. რა პოზიცია უნდა დაიჭიროს საქართველომ, ამ შემთხვევაში ეს სხვა თემაა და ამაზე შეიძლება მსჯელობა. მე ამაზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ, თუმცა რაც შეეხება მსგავსი ფორმით საკითხის დაყენებას, არ არის სწორი. ჩვენ არ ვიყიდებით”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა სხვა ქვეყნების მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების საკითხზე განცხადება გააკეთა. „ისინი ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც. შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს. დაე, მისცენ ჩვენს წინააღმდეგ ხმა. ბევრ თანხას დავზოგავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.