ვასილ მაღლაფერიძე - მედიაპლურალიზმი ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე არ იქნება

ვასილ მაღლაფერიძე - მედიაპლურალიზმი ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე არ იქნება

პრეზიდენტს ძალიან დეტალურად ავუხსენით გეგმები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და კანონპროექტის არსი, რომელიც პარლამენტში განიხილება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას კანონპროექტზე შესაძლო ვეტოზე საუბარი არ ყოფილა.

„ამ კანონპროექტს ბევრი ჩვენი ოპონენტი, ზოგი განზრახ და ზოგი უნებლიედ, არასწორად განმარტავს. ყველა მუხლი დეტალურად ჩავიარეთ და ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო,  საქმიანი შეხვედრა. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი საქმიანი შეხვედრები, მეტი ადამიანი გაეცნობა ვითარებას, ჩვენ მზად ვართ, გახსნილი ვართ და მედიამაც ეს ობიექტურად უნდა გააშუქოს. ტრაგიკულად ნუ დავხატავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საარსებო წყაროს გართმევთ. მედიაპლურალიზმიარის თითოეული ადამიანის მონაპოვარი. ჩვენ ამ სიკეთეს უბრალოდ ვქმნით და ვართ ინსტრუმენტები. მედიაპლურალიზმი ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე არ იქნება.  გაეცანით მთელი მსოფლიოს პრაქტიკას, რომელიც არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება შესყიდვებს, ამ თემით სპეკულირება ხდებოდა, ჩვენ ვითხოვთ არა შესყიდვებისგან გათავისუფლებას, არამედ პროდუქციის გათავისუფლებას ტენდერებისგან“, – განუცხადა ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ვისაც ტელევიზიასთან ახლოს მაინც გაუვლია, იცის, რომ უაზრობაა, გადაცემა და სერიალი ტენდერით იყიდო.

„ჩვენი მოთხოვნა კი არაა, არამედ ევროკავშირი ითხოვს, რომ ყველა საზოგადოებრივი მაუწყებელი ასეთი ტიპის ტენდერებისგან გათავისუფლდეს“, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.