მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ნათქვამია უწყებაში, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურატურის საიტზეა გამოქვეყნებული.

„უკრაინის პროცესუალური კოდექსის 133-ე და 135-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი 2017 წლის 18 დეკემბერს, 09:30 საათზე უნდა გამოცხადდეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში“, - ნათქვამია უწყებაში.

უწყებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროკურორმა დომბროვსკიმ სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით უნდა დაკითხოს.

ამასთან, კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დღეს უნდა განიხილოს. 
„სხდომა 18 დეკემბრამდე ტექნიკური ხასიათის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. ჩვენ წინააღმდეგი არ ვიყავით“, - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საჩივარი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში დამატებითი დაცვის გამოყოფაზე უარის თქმას ეხება.