იმდენად ბევრი არგუმენტი გვაქვს სააკაშვილზე სასაუბროდ, ნამდვილად არ მჭირდება პუტინის გამონათქვამების დახმარება

იმდენად ბევრი არგუმენტი გვაქვს სააკაშვილზე სასაუბროდ, ნამდვილად არ მჭირდება პუტინის გამონათქვამების დახმარება

მიხეილ სააკაშვილის შეფასებაში ნამდვილად არ მჭირდება პუტინის გამონათქვამების დახმარება და მისი კომენტარების მოშველიება, იმდენად ბევრი არგუმენტი გვაქვს ჩვენ ვისაუბროთ სააკაშვილზე, როგორც ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი ზიანის მომტან ყოფილ პრეზიდენტზე, რომ პუტინი რა კომენტარს გააკეთებს მასზე, ჩემთვის არ არის საინტერესო, -ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას.

ამასთან, ეკა ბესელიამ უპასუხა კითხვას, რა მიზნით იმყოფება სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ბელარუსში და ხომ არ იგეგმება იქ უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრა სააკაშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით.

„შეთქმულები და კონსპირაციის თეორიებს სერიოზულად არ განვიხილავ, ამით შეიძლება იყოს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობა“. ბატონი გომელაურის ვიზიტი არის სრულიად სხვა შინაარსის. თუ ვინმეს შეიძლება აინტერესებდეს მიხეილ სააკაშვილი, იგი მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის არის საინტერესო. მართლმსაჯულებას აქვს თავისი დღის წესრიგი და ის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ არის. ვერც სასამართლოები ვერ გადაიდება, ვერც პროცესი გაჩერდება და ვერც მართლმასჯულების განხორციელებაზე იტყვის უარს ვერცერთი სახელმწიფო”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.