არის კონკრეტული დავალება, რომ მიხეილ სააკაშვილს წლის ბოლომდე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანონ და ამით დაეხმარონ პეტრო პოროშენკოს

არის კონკრეტული დავალება, რომ მიხეილ სააკაშვილს წლის ბოლომდე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანონ და ამით დაეხმარონ პეტრო პოროშენკოს

პროკურორს და მოსამართლეს აქვთ კონკრეტული დავალება და მიზანი, რომ წლის ბოლომდე მიხეილ სააკაშვილს გამოუტანონ გამამტყუნებელი განაჩენი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

როგორც მელიამ აღნიშნა, სააკაშვილისთვის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატისთვის საქმის მასალების გასაცნობად და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად მხოლოდ ერთკვირიანი ვადის მიცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკურად ანგაჟირებულია. 

"თუკი კიდევ იყო საჭირო, რომ დადასტურებულიყო ის, რომ ეს ნამდვილად პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული საქმეა, კი ბატონო, ვიხილეთ ყველამ, რომ ეს მართლაც ასეა. სახაზინო ადვოკატმა მოითხოვა მართლაც გონივრული ვადა საქმის გასაცნობად, მაგრამ არაფრის დიდებით არ ქნა არც მოსამართლემ და არც პროკურორმა, რომლებიც ამ შემთხვევაში ერთნი არიან. ორივეს აქვს კონკრეტული დავალება და მიზანი, რომ რაც შეიძლება სწრაფად, წლის ბოლომდე, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანონ მიხეილ სააკაშვილს და ამით დაეხმარონ უკრაინაში პეტრო პოროშენკოს", - განაცხადა ნიკა მელიამ.