საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონის გახსნა 10 დეკემბრიდან დაიწყება

საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონის გახსნა 10 დეკემბრიდან დაიწყება

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის - ზამთრის ტურისტული სეზონი კურორტებზე ეტაპობრივად, ოფიციალურად გაიხსნება.

10 დეკემბერს ტურისტული სეზონი გაიხსნება  გუდაურისა და  გოდერძის კურორტებზე. 12 დეკემბერს, ბაკურიანში გაიხსნება დიდველი,  ხოლო  23 დეკემბერს კოხტა-მიტარბი. რაც შეეხება სვანეთს, მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონის  გახსნა  17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ 23 დეკემბერს გაიხსნება  მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო, რომელიც მესტიის ცენტრსა და მთას ერთმანეთთან დააკავშირებს. ეს არის  ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რაც კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან მესტიის ცენტრიდან პირდაპირ საბაგიროთი ჰაწვალის კურორტთან დაკავშირება  ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია. მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და მას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია  „დოპელმაიერი“ ახორციელებს. საბაგიროს სიგრძე  1200 მეტრია და ის 6 ადგილიანი,  ღია სავარძლის ტიპისაა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლს  Euronews-ის 400 მილიონიანი აუდიტორია ეცნობა. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლი  Euronews-ის მაყურებელს  საქართველოს ზამთრის კურორტებს,  ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის  კულტურას აცნობს.    სარეკლამო კამპანია  Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო  და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პარალელურად, საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ რეკლამას ავრცელებს  BBC.  საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია  BBC World News-მა დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი საქართველოს ზამთრის კურორტების, ტურისტული მიმართულებების და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.  საქართველოს შესახებ  რეკლამა BBC-ის ისეთ ცნობილ  გადაცემებშია,  როგორიცაა: The Travel Show, Business Briefing, World Business Report, BBC Business Live, Talking Business, Global, Outside Source. ამ გადაცემების მაყურებლები ძირითადად ბიზნესითა და მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები არიან.