თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ადამიანს, ვინც იტყვის, რომ თბილისის მერიას მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაზარალებული ოჯახებისთვის გაწეული დახმარების საკითხის შეფასებისას განუცხადა.
კალაძის განცხადებით, "პრეტენზია არავის აქვს".
"ეს ადამიანები გაგებით მოეკიდნენ ყველაფერს, არსებულ სიტუაციას, არსებულ მდგომარეობას. პირველივე დღიდან ისნის რაიონის გამგებელი, ბატონი ლაბუჩიძე ამ ადამიანების გვერდით იყო და თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ადამიანს, ვინც იტყვის, რომ თბილისის მერიას მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მიმდინარეობდა საგამოძიებო უწყებების მიერ დათვალიერება, იმ ბინების, სადაც მოხდა აფეთქება, მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. გუშინ უკვე შევიდა „თბილსერვისის“ ჯგუფი დასუფთავდა და დღეიდან თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია ამოწმებს მდგომარეობას, რამდენად ვარგისია კორპუსი რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. როდესაც გვექნება დასკვნა, დავიწყებთ სამუშაოებს. თუ იქნება შესაბამისი დასკვნა, რეაბილიტირება ჩატარდება. საცხოვრებელი ბინები დაუბრუნდება პირვანდელ სახეს. ყველაფერს გააკეთებს თბილისის მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, შესაბამისად, ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ იქნება,"- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 500-ლარიანი დახმარება, რომელიც ოჯახებს გადაეცათ, მხოლოდ პირველადი საჭიროების ნივთების და ტანსაცმლის შესაძენად იყო გამოყოფილი.
"ორ თუ სამ ოჯახს დაეწვა საცხოვრებელი ფართი და რაც კი გააჩნდათ. ელემენტარული ტანსაცმლის ყიდვის შესაძლებლობაც არ გააჩნდათ. ამისთვის იყო ეს თანხა გამოყოფილი. ვიმეორებ, რომ ყველა ხარჯს თავის თავზე ვიღებთ ჩვენ, ეს იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოები, კეთილმოწყობა თუ ა.შ.“- განაცხადა კალაძემ.