პოპ–პორტრეტები: ჯონ უეტონი – მეოთხედი საუკუნის ტოლფასი სამი წელიწადი

პოპ–პორტრეტები: ჯონ უეტონი – მეოთხედი საუკუნის ტოლფასი სამი წელიწადი

უაღრესად საინტერესო მუსიკოსი, რომელიც ყოველთვის ინარჩუნებს საკუთარ ხელწერას და სადაც არ უნდა მღეროდეს და უკრავდეს, ტოვებდეს ულამაზეს სიმღერებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ისმინება დღემდე. რატომაც არა? ჯონ უეტონი ხომ თანამედროვე მუსიკოსია და მისმა უახლესმა ნამუშევარმა ჯგუფ Asia–თან ერთად, დღის სინათლე სულ ცოტა ხნის წინათ იხილა...

ჯონი ბავშვობიდანვე ფლობდა ფორტეპიანოს და ხშირად საოჯახო მუსიკალურ საღამოებზე ძმას უწევდა აკომპანემენტს აკუსტიკურ გიტარაზე. სწორედ ასეთ საღამოებზე ყალიბდებოდა მომავალი მუსიკოსი, რომლის მსგავსი მრავალფეროვანი შემოქმედებით, თითო–ოროლა როკ მუსიკოსი თუ დაიკვეხნის.

ბრიტანული ფსიქოდელიის სკოლა ჯონ უეტონმა Mogul Trash–სა და Family–ში განვლო. სწორედ როჯერ ჩეპმენთან თანამშრომლობამ გამოაბრძმედა მუსიკალური გემოვნების თვალსაზრისით უაღრესად მრავალმხრივი მუსიკოსი, რომელიც რა ჯგუფშიც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ერგებოდა მას, ტოვებდა რა იქ ბრწყინვალე ლირიკოსისა და მელოდისტის საკუთარ წარუშლელ ხელწერას.

ჯონ უეტონის კარიერის უმნიშვნელოვანესი მომენტი უკვე მომდევნო ჯგუფი King Crimson გახლავთ. 1972 წელს ამ დიდებული კოლექტივის სულისჩამდგმელმა რობერტ ფრიპმა ახალი მუსიკოსების შეკრება გადაწყვიტა, რომლებიც ჯონ მაკლაფლინის Mahavishnu Orchestra-ს ჟღერადობის ფონზე, King Crimson–ის ადრეული ხელწერისაგან განსხვავებულ, უღრესად ბრიტანულ და არა ჯაზ–როკ ფიუჟენ რეპერტუარს შეასრულებდნენ. რობერტ ფრიპი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მის ჯგუფში უკრავენ ინგლისის საუკეთესო მუსიკოსები და რომ მათი და არა კონკრეტულად მისი მუსიკალური ხედვის შედეგია King Crimson–ის განუმეორებელი ხელწერა...

ჯონ უეტონმა 1973–1975 წლებში ალბათ მუსიკალური კარიერის ყველაზე სერიოზული გამოცდა ჩააბარა, როდესაც King Crimson–ის ზედიზედ სამ სტუდიურ ალბომში ბას-გიტარისა და ვოკალის პარტიები შეასრულა. მისი პარტნიორები აქ იყვნენ დიდი მუსიკოსები: რობერტ ფრიპი, ჯეიმ მუირი, მელ კოლინზი, ბილ ბრაფორდი, იან მაკდონალდსი, დევიდ ქროსი და რაც მთავარია ჯერ კიდევ ბავშვობაში გაცნობილი ბრწყინვალე ლირიკოსი რიჩარდ პალმერ–ჯეიმსი.

ძნელი სათქმელია, იქამდე მეტი ჰქონდა ნასწავლი უეტონს, თუ აქედან მისივე სიტყვით „შვებულებაში წასულ“ Uriah Heep–ში, სადაც მუსიკოსს შესანიშნავი „დასვენების საშუალება“ მიეცა.

King Crimson–თან ერთად ჩაწერილი სამივე სტუდიური ალბომი ძალზედ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ უეტონს აკომპანემენტის გაწევა დევიდ ქროსის სასიამოვნო ჟღერადობის ელექტროვიოლინოსათვის უწევდა, რომელიც ანეიტრალებდა ჯგუფის მკაცრ და პირქუშ ხელწერას. ეს განსაკუთრებით ვიოლინოს გარეშე ეპიზოდებში მჟღავნდებოდა ხოლმე; მაგალითად, ინსტრუმენტულ კომპოზიციაში Red ან One More Red Nightmare-ში. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო უეტონის დაკვრის ხელწერის მორგება ჯგუფის მკაცრ ჟღერადობაზე, რომელსაც დიდწილად თვითონ, ვირტუოზ დრამერ ბილ ბრაფორდთან ერთად განაპირობებდა. ამ შემადგენლობის King Crimson–ის ერთ–ერთ შედევრად იქცა ალბომ Red –ის დამაბოლოვებელი 12 წუთიანი კომპოზიცია Starless. იგი პირობითად ოთხ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. პირველი ვოკალურია და ჯონ უეტონის ლირიკის ერთ–ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. შემდეგ თემა ვითარდება „ქრიმზონისეული ბოლეროს“ ფონზე, რომელიც აგებულია ჯონ უეტონისა და ბილ ბრაფორდის „შემყვან“ რიტმ–სექციაზე დამატებულ რობერტ ფრიპის გიტარულ „ჩაწვეთებებზე“. კულმინაციას ინსტრუმენტული თემა რობერტ ფრიპისა და ჯონ უეტონის ბას გიტარის ერთდროული სოლოების ფონზე აღწევს, ხოლო ძირს დაშვება კი საწყისი – ვოკალური ნაწილის ინსტრუმენტულ რეპრიზას წარმოადგენს ჯონ უეტონის მძლავრი ბას გიტარისა და იან მაკდონალდსის მელოტრონის თანხლებით.

King Crimson შემოქმედებით მწვერვალზე დაიშალა. ჯონ უეტონისათვის ბრძოლაში კი გამარჯვება კენ ჰენსლიმ მოიპოვა. იგი გარი თეინის შემცვლელი ბას გიტარისტის ძიებაში იმყოფებოდა, რაშიც მას King Crimson –ის დაშლა თუ დაეხმარებოდა... არ იყო ადვილი ინგლისის საუკეთესო ჰარდ როკ ბას გიტარისტის შეცვლა კოლექტივში, სადაც თეინის პერიოდის სტუდიურ ალბომებს თავი რომ დავანებოთ, კონცერტებზე ჯონ უეტონი July Morning-ის თეინისეული მახვილგონივრული ბას გიტარის პარტიის არამარტო გადამღერებით უნდა შემოფარგლულიყო.

მუსიკოსის დადებით პიროვნულ შტრიხებზე მეტყველებს მისი აბსოლუტური ჩაურევლობა მომღერალ დევიდ ბაირონის საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე შეთანხმება მხოლოდ ბას გიტარისტობაზე იყო მიღწეული, ბაირონის ლოთობა ძალიან მძიმედ მოქმედებდა ჯგუფის დანარჩენ წევრებზე და უეტონს თავისუფლად შეეძლო მისი მოცილების დაჩქარება ჯგუფიდან, რაც საქმესაც შეიძლებოდა რგებოდა. ამის ნაცვლად, იგი ყოველთვის მორალურ მხარდაჭერას უწევდა Uriah Heep–ის ვოკალისტს და დიდი კომპოზიტორული ტალანტის მიუხედავად, მაინც საკუთარი თავის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. ისე მოხდა, რომ ბაირონმა და უეტონმა ერთად დატოვეს კოლექტივი, თუმცა ჰენსლისთან დუეტში უეტონმა მაინც შექმნა ერთი დიდებული სიმღერა One Way Or Another. აქ ვოკალის ძირითად პარტიას ფიუჟენ ბასის თანხლებით, თავად ასრულებს, ხოლო კენ ჰენსლის მისამღერი კი განუმეორებელია.

King Crimson–ში ოთხი და Uriah Heep–ში ჩაწერილი ორი ალბომი, უეტონისათვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მომავალში მხოლოდ „სუპერჯგუფებში“ მონაწილეობაზე ეზრუნა. ასეთი იყო UK, რომელშიც მის გარდა კლავიშებზე შემსრულებელი ედი ჯობსონი (Curved Air, Frank Zappa, Jethro Tull), გიტარისტი ალან ჰოლდსუორთი (Soft Machine, Tony Williams Lifetime, Tempest, Gong) და პირველ ალბომში დრამერი ბილ ბრაფორდი (Yes, King Crimson), ხოლო მეორეში კი ტერი ბოზზიო (Frank Zappa) უკრავდნენ. ჯგუფმა 1977–1980 წლებში იარსება, მაგრამ იმდენად წარუშლელი კვალი დატოვა მსუბუქ პროგრესივ ფიუჟენ ჟანრის მოყვარულებში, რომ ფანტასტიკური ბენდი ტრიოს (უეტონი, ჯობსონი, ბოზზიო) შემადგენლობით, ამჟამადაა შეკრებილი და მსოფლიო ტურნესათვის ემზადება.

საინტერესოა, რომ მოვლენები ვითარდება სულ ცოტა ხნის წინათ Asia–ს ახალი ალბომის გამოსვლის პარალელურად... 2008 წლიდან მოყოლებული ეს „სუპერჯგუფის“ რიგით მესამე ალბომია, ხოლო კოლექტივის დაარსების თარიღი კი 1981 წელი. ჯონ უეტონი აქ მღეროდა და უკრავდა ELP–ის დრამერ კარლ პალმერთან, Yes-ის გიტარისტ სტივ ჰოუსთან და ასევე Yes-ის კლავიშებზე შემსრულებელ ჯეფ დაუნსთან ერთად. Heat Of The Moment 1982 წელს მართლაც პერიოდის უმნიშვნელოვანეს ჰიტად იქცა და როგორც ალბომი, ასევე სიმღერა, ბრიტანულ ჩარტებს სათავეში მოექცნენ. UK–გან განსხვავებით, Asia ფიუჟენ საუნდის მოკლების ხარჯზე, უფრო პოპ ორიენტაციის ბენდად ჩამოყალიბდა და ასევე განაგრძო მომავალშიც, მაშინ, როდესაც იქ აღარც უეტონი იყო და აღარც მისი პარტნიორი პროგ–როკ საზოგადოების უდიდესი წარმომადგენლები...

Asia-ს თავდაპირველი მიტოვების შემდეგ, მთელი უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, სახელგანთქმულმა მუსიკოსმა მელოდიური სიმღერებით აღსავსე არაერთი საინტერესო სოლო ალბომით დაგვასაჩუქრა. უეტონი ასევე პროდუქტიულ მოღვაწეობას ეწევა სხვადასხვა ტიპის „სუპერჯგუფებში“ ზოგჯერ სრულიად განსხვავებული ყაიდის მუსიკოსებთან ერთად. როკ მუსიკოსის კარიერის 25 წელიწადი კი ზუსტად ის პერიოდია, რაც მისივე თქმით, რობერტ ფრიპთან პარტნიორობის 3 წლის ტოლფასია...