საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის

საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის"

2017 წლის 4-5 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის".

კონფერენციის მიზანია ევროკავშირთან ინტეგრაციის, როგორც ქვეყნების შიდა რეფორმების ხელშეწყობის მექანიზმის, განხილვა და ევროინტეგრაციით შთაგონებული ცვლილებების დადებითი შედეგებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ 17 ქვეყნის პარლამენტების, მათ შორის, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) და ევროპარლამენტის წარმომადგენლები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციას გახსნიან ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: რიჩარდ ჩარნეცკი - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, იანოშ ჰერმანი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ნილს სკოტი - გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში.

საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია ტარდება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.