ასე თავისუფლად შესვლა-გასვლა თუ შეუძლიათ ტერორისტებს და ნებისმიერ სახიფათო ელემენტებს, ეს გვიქმნის ყველაზე დიდ საფრთხეებს და არა რაღაც მითიური შურისძიება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა ნოდარ ხარშილაძემ განუცხადა. მისი შეფასებით, ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ ახმედ ჩატაევის გარდაცვალების გამო, საქართველოზე შური იძიონ. ხარშილაძის თქმით, უნდა მოხდეს ყველაფრის გაანალიზება და ყველაზე მეტად იმის, თუ როგორ მოხვდა ჩატაევი საქართველოში და ცხოვრობდა დედაქალაქში გარკვეული პერიოდი.
„შურისძიების რაღაც მომენტებს ნაკლებად განვიხილავ, რადგან ჩვეულებრივი კონტრტერორისტული ოპერაცია იყო, რომლის შედეგადაც თავი აიფეთქა ჩატაევმა. საფრთხეს უფრო იმაში ვხედავ, რომ ეს ადამიანები აქ იყვნენ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ შიდა ანალიზი, რატომ მოხდა ამ ადამიანების გამოშვება, რა მიზეზებით? რატომ მიეცა საშუალება, რომ დაეტოვებინა საქართველო? ასევე, რატომ მიეცა საშუალება საქართველოში დაბრუნების და თბილისში ეცხოვრა უპრობლემოდ, თან რამდენადაც ცნობილია, ერთი და ორი დღის ჩამოსული არ იყო. საფრთხის შემცველი უფრო ეს არის. ასე თავისუფლად შესვლა-გასვლა თუ შეუძლიათ ტერორისტებს და ნებისმიერ ასე ვთქვათ სახიფათო ელემენტებს, ეს გვიქმნის ყველაზე დიდ საფრთხეებს და არა რაღაც მითიური შურისძიება, იმის გამო, რომ ტერორისტი მოვკალით“, - განაცხადა ნორად ხარშილაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.