მთავარ კითხვად რჩება, როგორ შემოაღწია ახმედ ჩატაევმა საქართველოს ტერიტორიაზე და სად მოხდა საზღვრის გადალახვა

მთავარ კითხვად რჩება, როგორ შემოაღწია ახმედ ჩატაევმა საქართველოს ტერიტორიაზე და სად მოხდა საზღვრის გადალახვა

უნდა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი: როგორ შემოაღწია ქვეყანაში ახმედ ჩატაევმა, რომელიც ქართველი სამართალდამცავებისთვის უცხო პირი არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სიხარულიძემ ჟურნალისტებს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას განუცხადა. 

სიხარულიძის განცხადებით, ჩატაევთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს, რასაც დროულად და ამომწურავად უნდა გაეცეს პასუხები.

"აქ სერიოზული პრობლემაა. მთავარი კითხვა რჩება, როგორ მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე ეს პიროვნება - ახმედ ჩატაევი, რომელიც არ იყო უცხო, უცნობი ქართველი სამართალდამცავებისთვის. ის დაკავებული იყო, სასჯელსაც იხდიდა და მისი ბიომეტრიული მონაცემები საქართველოს სამართალდამცავ სისტემებში არსებობს. ამიტომ მთავარი კითხვა რჩება, როგორ შემოაღწია ამ პირმა საქართველოს ტერიტორიაზე და სად მოხდა საზღვრის გადალახვა. გარდა ამისა, არის სხვა კითხვებიც, მათ შორის ის, როგორ მოხდა, რომ ეს ხალხი გარკვეული პერიოდი ისე იყვნენ ქვეყანაში, მათ შესახებ სპეცსამსახურებს ინფორმაცია რომ არ ჰქონდათ. საიდან მოახერხეს იარაღის შეძენა ამ რაოდენობით და მისი შენახვა. ამ კითხვებზე აუცილებელია სწრაფად პასუხების გაცემა“, - განაცხადა სიხარულიძემ.

რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხეს, როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, ეს საფრთხე მთელ მსოფლიოშია და საქართველო გამონაკლისი არ არის.

"ზოგადად, ტერორიზმი მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის არის დიდი საფრთხე. ბოლო ათეული წელია კიდევ უფრო გაიზარდა ეს საფრთხე. ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, საქართველოსთვისაც წარმოადგენს ტერორიზმი საფრთხეს. საქართველოს ბევრად უფრო დიდი და სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს არის რუსული ჰიბრიდული ომი, რომელიც პირდაპირ მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი არსებობის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და ეროვნული უსაფრთხოების მყარი, მკაფიო გადანაწილებული როლი აუცილებელია.
უსაფრთხოების სისტემის გააზრებული რეფორმაა გასატარებელი, თუმცა გააზრებულად, კონცეპტუალური ხედვის საფუძველზე. აუცილებელია შესაბამისი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება და მისი ანგარიშვალდებულების გაზრდა“,- განაცხდა დავით სიხარულიძემ.