ჩატაევის გარდაცვალების შემდეგ რთული სათქმელია მომდინარეობს თუ არა საფრთხე „ისლამური სახელმწიფოსგან“, რადგან „ისლამურ სახელმწიფოში“ უფრო იციან სიმართლე სპეცოპერაციის თაობაზე, ვიდრე ჩვენ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა.
რაც შეეხება ჩატაევის ქვეყანაში შემოსვლის გზებს, შარაშენიძეს უფრო იმ ვერსიის სჯერა, რომ ის ქვეყანაში ვინმემ შემოაპარა.
”ორი ვარიანტია: ეს ადამიანი შემოიპარა და ეს მიუთითებს ჩვენი სამართალდამცველების ”ბედოვლათობაზე” და შემდეგ ჩატარდა მის წინააღმდეგ სპეცოპერაცია, როდესაც აღმოაჩინეს. მეორე ვარიანტია, რომ ეს ადამიანი რომელიღაც მაღალჩინოსანმა შემოაპარა და შემდეგ რაღაც მოხდა და მის წინააღმდეგ ჩატარდა სპეცოპერაცია. მე მაინც მგონია, რომ ვიღაცამ შემოაპარა და ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს. მისი შემოპარება ჩვენი ქვეყნისთვის იყო ძალიან ცუდი, რადგან ამას მოყვებოდა ყველა შემთხვევაში დიდი ხიფათი - ერთი, რომ ვიღაც აუცილებლად გაიგებდა და განხორციელდებოდა სპეცოპერაცია, როგორც ახლა განხორციელდა. მეორე საფრთხე იყო, რომ მისი აქ ყოფნა შესაძლოა გაეგოთ რუსებს და მოყვებოდა განცხადებები, რომ ჩვენ ვართ ტერორისტების თავშესაფარი სახელმწიფო. უნდა დაისაჯოს ვინც შემოაპარა ჩატაევი და უნდა მივიღოთ მკაცრი უსაფრთხოების ზომები”, - განაცხადა შარაშენიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განაცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ერთი პირი ახმედ ჩატაევია.
” ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით (დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგენილ იქნა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია”, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მისივე განმარტებით, დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში.