ინტერპოლის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი, მეტსახელად „ცალხელა“, რომელიც კიდევ სამი სახელით იყო ცნობილი,130 შეიარაღებულ პირს მეთაურობდა

ინტერპოლის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი, მეტსახელად „ცალხელა“, რომელიც კიდევ სამი სახელით იყო ცნობილი,130 შეიარაღებულ პირს მეთაურობდა

საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი 2015 წლის ოქტომბრიდან ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. ინტერპოლის ვებ-გვერდზე განთავსებული ძებნილი პირების სიაში ჩატაევის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იძებნება, მათ შორის განმარტებულია ის მიზეზები, რის საფუძველზეც ჩატაევზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახმედ რაჯაპის ძე ჩატაევი, მეტსახელად „ცალხელა“ 1980 წლის 4 ივლისს რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოფელ ვედენოში დაიბადა. ის ცნობილი იყო ახმად შიშანის, ელმირ სენესა და დევიდ მაიერის სახელებით, ფლობდა რუსულ, ჩეჩნურ, გერმანულ და არაბულ ენებს.

ინტერპოლმა ძებნილი პირების სიაში ჩატაევი 2015 წლის 2 ოქტომბერს, „ალ-ქაედას“, „ისლამური სახელმწიფოს“ და აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მითითებით „ქმედებების დაფინანსებაში, დაგეგმვაში, უზრუნველყოფაში, მომზადებაში და განხორციელებაში მონაწილეობისთვის“, „იარაღის და მასთან დაკავშირებული მატერიალური სახსრების მიწოდებისთვის, გაყიდვისთვის ან გადატანისთვის“, „ხსენებული ორგანიზაციების სასარგებლოდ დავერბოვკების ან სხვა ქმედებებისთვის“ შეიყვანა.

„ახმედ ჩატაევი 2001 წელს ავსტრიაში გადასახლდა, საიდანაც ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი შეიარაღებული პირების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით იყო დაკავებული.

2007 წლის სექტემბერში ჩატაევმა ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ტერორისტებისთვის ჩეჩნეთში 12 000 დოლარის ოდენობის სამხედრო ფორმები, პერსონალური კომპიუტერები და აუდიო აღჭურვილობა გაგზავნა.

ამჟამად ჩატაევი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია. ის 130 შეიარაღებულ პირს მეთაურობს და მოუწოდებს მუსლიმებს ხალიფატის შექმნის მიზნით სირიის, ერაყისა და სხვა სახელმწიფოების ოფიციალური ხელისუფლებების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას შეუერთდნენ.

კერძოდ, ინტერნეტში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც, სავარაუდოდ, 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბერშია გადაღებული, ჩატაევი „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებებს ამართლებს და სხვა მუსლიმებს მოუწოდებს, მათ შეუერთდნენ. 
კიდევ ერთ ვიდეოში „ისლამური სახელმწიფოს“ ფორმებში გამოწყობილი ახმედ ჩატაევი და ისლამ ატაბიევი გამოხატავენ სიხარულს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ „დაღესტნის ვილაიეთის“ ემირმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისადმი ერთგულების ფიცი დადო.

ჩატაევი „ისლამური სახელმწიფოს“ რუსულენოვანი მებრძოლების სირიასა და ერაყიდან ტერორისტული ჯგუფების შესაქმნელად და ტერაქტების მოსაწყობად რუსეთში გადაყვანაზე არის პასუხისმგებელი. ის საზღვარგარეთ რუსული დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელია.

რუსეთის ფედერაცია ჩატაევს საკუთარ ტერიტორიაზე ჩადენილი ტერორისტული დანაშაულებისთვის ეძებს“, - ნათქვამია ინტერპოლზე ჩატაევის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.