რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ხ.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბოლნისის რაიონში, ხ.ნ.-მ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ე.გ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში თექვსმეტი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ე.გ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ხ.ნ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ხ.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.