ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევი, საერთაშორისო ტერორიზმის შავ სიაში 2015 წლიდან შეიყვანეს. მას მიაწერენ 2016 წლის ივნისში, ათათურქის აეროპორში მომხდარ ტერაქტს, რომელსაც 43 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 200 კი დაშავდა.
ჩატაევის შესახებ ვრცელ სტატიას „AMBEBI.GE“ აქვეყნებს. მასალაში ნათქვამია, რომ ჩატაევი 1980 წელს ჩეჩნეთში, სოფელ ვედენოში დაიბადა. ხელი ჩეჩნეთის მეორე ომის დროს დაკარგა.
რუსეთის ძალოვნები მას 2003 წლიდან ეძებენ, თუმცა სწორედ იმ პერიოდში, ის ავსტრიაში გადავიდა, სადაც სავარაუდოდ ლტოლვილის სტატუსი მიიღო. 2008 წელს, ახმედ ჩატაევი, რამდენიმე ჩეჩენთან ერთად, შვედეთის ქალაქ ტრელებორგში, პოლიციამ დააკავა და იარაღი უპოვა. მაშინ ჩატაევმა, ადგილობრივ ციხეში წელიწადზე მეტი დაჰყო.
2010 წელს კი ჩატაევი უკვე უკრაინაში დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, მას მობილურ ტელეფონში დივერსიული საქმის ინსტრუქცია და ასევე, აფეთქების შედეგად დაღუპულების ფოტოები უპოვეს. ვინაიდან მას რუსეთი ეძებდა, იგეგმებოდა, რომ მისი ექსტრადირება მომხდარიყო, თუმცა ევროპულმა სასამართლომ მისი რუსეთისთვის გადაცემა აკრძალა და ამიტომაც უკრაინელებმა ის, საქართველოს გადასცეს, სადაც მან გარკვეული დრო ციხეში გაატარა.
გათავისუფლების შემდეგ, ჩატაევი დაოჯახდა და საქართველოში საცხოვრებლად დარჩა.
2011 წლის მაისში, ახმედ ჩატაევი თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე დააკავეს. ბულგარეთის სასამართლომ მისი რუსეთისთვის გადაცემის პროცედურა დაიწყო, თუმცა შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და ჩატაევი რუსეთს არ გადაეცა.
შემდეგ იყო 2012 წლის "ლოპოტას ხეობის მოვლენები", რა დროსაც ქართველ სამართალდამცავებსა და ბოევიკებს შორის ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილი ჩატაევი დააკავეს. თუმცა უკვე 2013 წლის იანვარში, მთავარმა პროკურატურამ ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ის ციხიდან ისევ გათავისუფლდა. გათავისუფლების შემდეგ მან საქართველო ისევ დატოვა და გავრცელებული ინფორმაციით ავსტრიაში გადავიდა.
2015 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ის სირიაში იმყოფებოდა და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შეურთდა. იმავე წლის ოქტომბერში, ჩატაევი ამერიკამ განსაკუთრებულ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. მას ISIS-სთვის, რუსი და ევროპელი ახალგაზრდების "დავერბოვკება" ედებოდა ბრალად.
გაეროს მონაცემებით, ჩატაევის ქმედებების შედეგად 130-მდე ადამიანია გარდაცვლილი.