საქართველოს მთავრობის თხოვნით აშშ-დან ექსპერტები ჩამოვიდნენ და ქართულ მხარეს სპეცოპერაციის საქმის გამოძიების პროცესში ეხმარებიან, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღეს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
"რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას, მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გეტყვით იმას, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით ექსპერტები ჩამოვიდნენ და ეხმარებიან გამოძიების პროცესში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით დღეს პრესკონფერენცია გაიმართება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ინტერესით ველოდებით ამას", - განაცხადა იან კელიმ.
იან კელის თქმით, შს მინისტრის განცხადება, სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირების ქვეყანაში არალეგალური გზით შემოსვლასთან დაკავშირებით, არ უნახავს.
"მე არ მინახავს მინისტრის ეს განცხადება, თუმცა, არსებობს კონკრეტული კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს პირები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და როგორ აღმოჩნდნენ ისინი საქართველოში. ძალიან ინტერესით ვაკვირდებით ამ პროცესს", - განაცხადა იან კელიმ.