საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და ჩვენ ამ ცვლილებებზე მოგვიწევს მუშაობა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია, არ არის მარტივი. ჩვენ ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდით იმ კანონპროექტზე, რომელიც ინიცირებული აქვს ჯანდაცვის კომიტეტს და ასევე სხვა კომიტეტის წარმომადგენლებს. იქ ასევე იყო გათვალისწინებული ამ მუხლის დეკრიმინალიზაციის საკითხი, ანუ 273–ე მუხლით გათვალისწინებულია მომხმარებელთა პასუხისმგებლობის გადატანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ეს შეეხება მხოლოდ კონკრეტული ნარკოტიკის მოხმარებას. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით და საბოლოოა. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილება ასახოს კოდექსში. ჩვენ ამ ცვლილებებზე მოგვიწევს მუშაობა.
რაც შეეხება მოლოდინს, ამან შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა. ზოგადად, ასეთი პრაქტიკაა, თუმცა, ასევე უნდა ვიფიქროთ, ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებაზე, რომ მომხმარებელთა რაოდენობა იყოს რაც შეიძლება ცოტა და ამისთვის საჭირო იქნება კომპლექსური ღონისძებების ჩართვა, როგორიცაა საგანმანათლებლო, პრევენციული სერვისები და ა.შ. იმისთვის, რომ არ იყოს ქვეყანაში ნარკოტიკებზე დამოკიდებული ბევრი ადამიანი. ჩვენი ხედვაც და მიდგომაც არის, რომ ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა გვქონდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.