თუ ამერიკელები საბაბს ეძებენ ჩრდილოეთ კორეის გასანადგურებლად, მათ ამის შესახებ პირდაპირ უნდა განაცხადონ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი თავისი რეაქციის შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც აშშ განმარტავს, თუ როგორი იქნება მათი სამომავლო ქმედებები.
„პირველ რიგში, ამერიკელებმა უნდა აგვიხსნან, თუ რისი მიღწევა სურთ. თუ საბაბს ეძებენ ჩრდილოეთ კორეის გასანადგურებლად, მაშინ პირდაპირ განაცხადონ ამის შესახებ და აშშ-ს ხელმძღვანელობამ დაადასტუროს ეს. მაშინ ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ როგორ ვუპასუხოთ ამას“, - აღნიშნა ლავროვმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ახალ სანქციებს დაუწესებს ჩრდილოეთ კორეას სარაკეტო გამოცდის განხორციელების საპასუხოდ. თავის მხრივ, გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, ჩრდილოეთ კორეასთან ყველა კავშირები გაწყვიტონ.