“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, აბსოლუტურად სწორია

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, აბსოლუტურად სწორია

 “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკური, საწარმოო და საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით, აბსოლუტურად სწორია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმს“ გამოეხმაურა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული ორი დღის განმავლობაში ჩატარდა ძალიან წარმატებული აბრეშუმის გზის „ერთი სარტყელი - ერთი გზა ფორუმი“.

„ნამდვილად ყველამ აღნიშნა, რომ ფორუმი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატება. 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყანა და 2000-ზე მეტი დელეგატი ეწვია ფორუმს. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და ნამდვილად შედეგი აუცილებლად იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს დაახლოებით, ფორუმის განმავლობაში ხელმოწერილი 10-მდე მნიშვნელოვანი შეთანხმება. იყო უამრავი ორმხრივი შეხვედრა ადგილობრივი საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. ფორუმს ესწრებოდა ორი პრემიერ-მინისტრი - უკრაინისა და მოლდოვის, ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერები ყაზახეთიდან, სლოვენიიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მინისტრები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ვიცე-პრეზიდენტების დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, უამრავი მსხვილი კომპანია იყო საქართველოში ჩამოსული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ფორუმის ფარგლებში გაფორმდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, მათ შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკსა, ევროპის საინვესტიციო ფონდსა და ქართულ ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რისი მეშვეობითაც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის, მათ შორის, ინოვაციური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით 90 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასევე დაფუძნდა შანხაის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიასა და საპარტნიორო ფონდის ერთობლივი საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი, რომელიც ბიზნესპროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში შექმნის ახალ საინვესტიციო პლატფორმას და იქნება მყარი ფინანსური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ახალი მნიშვნელოვანი პროექტები დაფინანსდეს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონების განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმა, რომლის მიზანიც არის საწარმოებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობა და სამრეწველო კლასტერების განვითარება საქართველოში.

„მისასალმებელია, რომ ფორუმის ფარგლებში ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ საქართველო არის რეგიონის სატრანსპორტო ინვესტიციების, ლოგისტიკისა და სერვისების ჰაბი და რა თქმა უნდა, ამ ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკური, საწარმოო და საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით, არის აბსოლუტურად სწორი და ძალიან ბევრმა ქვეყანამ თავისი ჩამოსვლით დაადასტურა საკუთარი ინტერესი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ფორუმის ორგანიზებაში.

„ბევრი სამინისტრო იყო ჩართული. ძირითადი წამყვანი იყო ეკონომიკის სამინისტრო, გიორგი გახარიამ დაიწყო და შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა გააგრძელა. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე სხვა უწყებები. უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით იყო მაქსიმალურად ყველაფერი გათვალისწინებული შესაბამისი სტრუქტურების მიერ და დიდი მადლობა, რომ მართლაც ასეთ დონეზე წარმოვაჩინეთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.