პრემიერი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, მშენებლობის და ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე კონტროლი გაამკაცრონ

პრემიერი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, მშენებლობის და ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე კონტროლი გაამკაცრონ

ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცებისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში კომპრომისები მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბათმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს.

„დამეთანხმებით, რომ უმძიმესი დღეები იყო ყველა ჩვენგანისთვის. ბათუმში ჩასვლისას განვაცხადე, რომ ამ შემთხვევას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება და გამოძიება მიმდინარეობს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი. რა თქმა უნდა, უნდა გატარდეს პრევენციული ზომები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ჩვენ ასეთი ტრაგედიები. რა თქმა უნდა, ხანძრები ყველგან ხდება და არავინ არ არის დაზღვეული იმისგან, რომ აქაც მოხდება, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ასეთი მსხვერპლი იქნას თავიდან აცილებული. მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში. ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

მან შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი ამ მიმართულებით და მიესალმა, რომ თბილისის მერი უკვე გამოეხმაურა საკითხს და მისი დამოკიდებულებაც ანალოგიურია.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე სთხოვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს, რომ რეგიონების მიმართულებით კიდევ ერთხელ ჩაატაროს სამუშაოები იმისთვის, რომ მშენებლობის და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში არანაირი კომპრომისი არ იყოს დაშვებული.