იმედი გვაქვს, უკრაინაში კანონის უზენაესობა იქნება დაცული და ნებისმიერი პირის საკითხის გადაწყვეტა მოხდება სამართლებრივად

იმედი გვაქვს, უკრაინაში კანონის უზენაესობა იქნება დაცული და ნებისმიერი პირის საკითხის გადაწყვეტა მოხდება სამართლებრივად

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, არის პარტნიორი და იმედი გვაქვს, რომ იქ კანონის უზენაესობა დაცული იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, სადაც სააკაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა.

იან კელის თქმით, მას არ უნახავას მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული განცხადება.

„მე არ მინახავს ეს ინფორმაცია. აშშ-ისთვის უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, არის პარტნიორი და მასში ახორციელებს საკმაოდ დიდ ინვესტიციებს, რათა უკრაინა იყოს განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანა. პირველ რიგში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანონის უზენაესობა იქნება დაცული და ნაბისმიერი პიროვნების სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა მოხდება სამართლებრივად“, - განაცხადა იან კელიმ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა.

„ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ პეტრო პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და გასცა ბრძანება ჩემი დაპატიმრების შესახებ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და ოდესაში რაღაც გამოგონილი საქმის გამო“, - აღნიშნა სააკაშვილმა.