საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო რეჟიმი სავარაუდოდ ყველაზე მეტჯერ გერმანიაში, საბერძნეთში, პოლონეთსა და იტალიაში დაარღვიეს

საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო რეჟიმი სავარაუდოდ ყველაზე მეტჯერ გერმანიაში, საბერძნეთში, პოლონეთსა და იტალიაში დაარღვიეს

იმ პირების რაოდენობა, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, 10 330-ს შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ”ინტერპრესნიუსმა” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, სავარაუდო დარღვევები ყველაზე ხშირად გერმანიაში, საბერძნეთსა და პოლონეთში ფიქსირდება.

უფრო კონკრეტულად, სავარაუდო დამრღვევთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეთია: გერმანია - საქართველოს 3008 მოქალაქე , საბერძნეთი - 2926 მოქალაქე, პოლონეთი - 1249, იტალია - 1197, უნგრეთი - 713, კვიპროსი - 286, ლიტვა - 239, ლატვია - 176, ავსტრია - 138, ნიდერლანდები - 138, ესპანეთი - 43, საფრანგეთი - 39, ჩეხეთი - 32, ესტონეთი - 12, ბელგია - 10, შვეიცარია - 8, დანია - 6, შვედეთი - 4, რუმინეთი - 2, ფინეთი - 2, ბულგარეთი - 1, პორტუგალია -1. რაც შეეხება დანარჩენ 97 შემთხვევას, შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადა სავარაუდოდ დაარღვიეს, დაკონკრეტებული არ არის.

შსს-ს ინფორმაციით, მონაცემები მოცემულია შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდან, 28 მარტიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შენგენის ზონაში მოგზაურობის საერთო რაოდენობამ - 165 059 ერთეული შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ შენგენის ზონაში ავიარეისების მონაცემებს.