სოფიო ქაცარავამ რეიკიავიკში ქალი პოლიტიკოსების გლობალური სამიტის ფარგლებში პანელ-დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

სოფიო ქაცარავამ რეიკიავიკში ქალი პოლიტიკოსების გლობალური სამიტის ფარგლებში პანელ-დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ისლანდიის დედაქალაქში, რეიკიავიკში ქალი პოლიტიკოსების გლობალური სამიტის ფარგლებში პანელ-დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

პანელზე, რომელსაც  მსოფლიო ქალი ლიდერების საბჭოს გენერალური მდივანი ლორა ლისვუდი ხელმძღვანელობდა, კანადის, კოსტა-რიკის, რუსეთის ფედერაციის პარლამენტის წევრების წინაშე  სიტყვით წარსდგა სოფიო ქაცარავა თემაზე: ქალთა გაძლიერება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ  კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში, ქალთა აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება.

სოფიო ქაცარავამ მსგავსი სამიტებისა და კონფერენციების პრაქტიკული შედეგების შესახებაც ისაუბრა, რაც მისი შეფასებით, მონაწილე ქვეყნების  მოქალაქეებისთვის ხელშესახები უნდა გახდეს.  კომიტეტის თავმჯდომარემ უსაფრთხოების, თავდაცვისა და მშვიდობის საკითხებში ქალთა მეტი ჩართულობისა და გენდერული თანასწორობისთვის განათლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მიმაჩნია, რომ უსაფრთხოება არ არის მხოლოდ სამხედრო გარანტიები, უსაფრთხოება არის ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მოქალაქეებს შორის თანასწორობა, ეკონომიკური განვითარება და განათლების მაღალი სტანდარტი", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ქალი პოლიტიკოსი ლიდერების მაღალი დონის სამიტი ყოველწლიურად იმართება, რომელიც თავს უყრის მსოფლიო ქალ პოლიტიკოს ლიდერებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. მისი დამფუძნებელია გერმანელი პოლიტიკოსი სილვანა კოხ-მერინი.