საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, ბიზნესსახლის პროექტი იუსტიციის სახლების მიმართულებით გატარებულ რეფორმას და „ერთი ფანჯრის“ პრინციპს ანგრევს. ამ თემაზე ცხარე დისკუსია ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ გიორგი კაკაურიძესთან უმცირესობის სხდომაზე გაიმართა, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.
საბიუჯეტო ცვლილებებით ბიზნესსახლის ასაშენებლად 82 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
როგორც უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, იუსტიციის სახლების შექმნის კონცეფცია იმაში მდგომარეობდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გასაწევი ყველა სახის სერვისი, მათ შორის, ბიზნესის მომსახურებაც, ერთ სივრცეში ყოფილიყო თავმოყრილი.
კახიძისთვის გაუგებარია იუსტიციის სახლების საპირისპიროდ რატომ იქმნება ბიზნესსახლები და რატომ იფლანგება ამისთვის 82 მილიონი ლარი.
ოთარ კახიძის პასუხად გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ იუსტიციის სახლები ყველა ტიპის სახელმწიფო სერვისს ვერ გაწვდება და ბიზნესსახლები ბიზნესისათვის იქმნება.
ოპოზიციასთან დებატებისას კაკაურიძემ ისიც აღნიშნა, რომ ბევრი სახელმწიფო სერვისი ონლაინ რეჟიმში გადავა.