უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას წარმოადგენს

უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას წარმოადგენს

უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას, რასაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი და რომლის შედეგადაც, ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მოხარულია უმასპინძლოს საქართველოს გამორჩეული მეგობარი ქვეყნის - უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმირ გროისმანს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. პრემიერმა ასევე გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში.

„მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელი საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაციით გამოირჩევა, რაც გამოიხატა როგორც არაერთი მაღალი დონის ვიზიტითა და ღონისძიებით, ისე სექტორულ და საპარლამენტო დონეებზე აქტიური ურთიერთმოქმედებით. კმაყოფილებით უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ნაყოფიერი პოლიტიკური ურთიერთობებისა, აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. უკრაინა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წელს სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზრდა 19%-ით და შეადგინა თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი. ამასთან, უკრაინა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-5 პოზიციაზეა. თუმცა, ეს ციფრები არ ასახავს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სრულ პოტენციალს, ჩვენ უნდა დავისახოთ ამბიციური მიზნები და საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ სავაჭრო ბრუნვის მაქსიმალური ზრდა ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში, მივესალმებით საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ორი მემორანდუმის ხელმოწერას, რომლებიც ეხება მიწის რეგისტრაციისა, კადასტრის სისტემის განვითარებისა და წამლების ხარისხის კონტროლის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე ისაუბრა მსგავს პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინას აქვთ.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას, რასაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი და რომლის შედეგადაც, ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები. კიდევ ერთხელ ვუხდი უკრაინის მხარეს მადლობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ერთმანეთის ძლიერი მხარდაჭერა და ერთობლივი ქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა საქართველოსა და უკრაინის ინტერესები, გამოწვევები და პრობლემები მუდმივად იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.