პოპ–პორტრეტები: ქრის ფარლოუ – ბრიტანული ბლიუზის მარადიული მომღერალი

პოპ–პორტრეტები: ქრის ფარლოუ – ბრიტანული ბლიუზის მარადიული მომღერალი

გასული საუკუნის 60–იანი წლების ბრიტანული მუსიკალური სცენა უპირველეს ყოვლისა რიტმ ენდ ბლიუზს უკავშირდება – მუსიკას, რომელმაც ძველ კონტინენტზე ამერიკიდან შეაღწია და რომელსაც ელვის პრესლისთან ერთად, შავკანიან როკ’ნ’როლერთა და ბლიუზმენთა მთელი პლეადა მიჰყვა.

ინგლისელებმა ახალ მოდაზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინეს, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ უმთავრესი პასუხი – ანუ ე.წ. „ბრიტანული შეჭრა“ ამერიკაში სრულიად ახალმა მუსიკამ – კერძოდ კი The Beatles-მა განახორციელა. მოდით ლეგენდარულ კოლექტივზე და მათ წევრებზე სხვა დროს ვისაუბროთ, ამჟამად კი „ბრიტანული შეჭრის“ მეორე და გაცილებით ვრცელ სპექტრს შევეხოთ, რომელსაც პირობითად The Rolling Stones–ის ფრთა შეგვიძლია ვუწოდოთ.

ერთის მხრივ, უცნაურია, რომ დამწყებმა თეთრკანიანმა შემსრულებლებმა, რომლებიც პირველ რიგში, როგორც მუსიკოსები ჩამოუვარდებოდნენ თავიანთ შავკანიან კოლეგებს, მოახერხეს ამერიკაში წარმატების მიღწევა. მეორეს მხრივ კი სამშობლოში მათი პოპულარობა სულაც არ უნდა გვიკვირდეს.

ასეთი – მხოლოდ ინგლისური მასშტაბის შემსრულებლად იქცა ქრის ფარლოუ. გაივლის წლები და უკვე გასული საუკუნის 90–ებში Colosseum–ის კონცერტზე გამხსნელი ინსტრუმენტული კომპოზიციის For Those About To Die შემდეგ, ჯგუფის ლიდერი – დრამერი ჯონ ჰაისმანი, სცენაზე შემდეგი სიტყვებით წარადგენს ქრის ფარლოუს: „ახლა კი მოდით აპლოდისმენტებით შევეგებოთ ბრიტანული როკ’ნ’როლის უდიდეს წარმომადგენელს, რომლის გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი ჩვენი კონცერტი!“.

პათოსი გასაგებია... შეიძლება აქ ჰაისმანს გარკვეული სინანულით თვითრეკლამის გაწევაც სურდა, რადგან მას ყოველთვის უწევდა იმის მტკიცება, რომ Colosseum–ია მსოფლიოში პირველი ჯაზ–როკ ბენდი და არა ვთქვათ თუნდაც Chicago Transit Authority… რამდენად მართალია ამ შემთხვევაში ჰაისმანი – საკუთარ თავში ჩაიხედოს, მაგრამ ერთი კია, რომ ერთ–ერთ გამორჩეულ და ვირტუოზებით აღსავსე ჯგუფს, არასოდეს ჰქონია ჯეროვანი დაფასება მუსიკალური პრესისაგან, ისევე როგორც მის მომღერალს – ქრის ფარლოუს...

ფარლოუმ მომღერლის კარიერა17 წლის ასაკში – 1957 წელს დაიწყო და სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად მომავალი წარმატების გზის ძიებას შეუდგა. The Beatles და The Rolling Stones კი ზემოთ შემთხვევით არ გვიხსენებია, რადგან სწორედ ამ ჯგუფებს შორის იდეურმა განსხვავებამ თავიდანვე დაგვანახა ქრის ფარლოუს მუსიკალური ხედვა, მიუხედავად, უცნაურია მაგრამ, ერთგვარი „ესტრადნიკობისა“...

ფარლოუს ერთ საღამოს პოლ მაკარტნიმ მიაწოდა ჯერ კიდევ ჩაუწერელი Yesterday–ის მოტივი, მალე კი მას Out Of Time-ის სიმღერა მიკ ჯაგერმა შესთავაზა. მომღერალმა პირველი დაიწუნა (!), ხოლო მეორეთი კი ბრიტანეთის ჩარტებს ჩაუდგა სათავეში, რამაც თავად მიკ ჯაგერს აღიარებინა ქრის ფარლოუს უპირატესობა ამ სიმღერაში.

მიუხედავად აღიარებისა, ფარლოუს 1966 წლის შემდეგ საერთოდ აღარ ღირსებია რაიმე ტიპის კომერციული წარმატება. სამაგიეროდ, იგი მსმენელთა საკმაოდ ფართო წრეში დღემდე პოპულარულია.

ქრის ფარლოუს მდიდრულ და ხავერდოვან ბლიუზურ სიღრმისეული ხმის ტემბრისათვის დამახასიათებელია ერთგვარი მედიდურობა, რაც მას ბლიუზმენისათვის არასახასიათო – შესაძლო ტომ ჯონსისეულ ზემოთხსენებულ „ესტრადნიკობას“ სძენს და შეიძლება აქ იყოს მისი ერთგვარი ნაკლოვანება, თუმც რომ არა ჯონ ჰაისმანის Colosseum, ფარლოუ ვინძლო „ესტრადნიკად“ მართლაც დარჩენილიყო...

Out Of Time-ის შემდეგ, მან თავის Thunderbirds-თან ერთად, კიდევ არაერთი ცნობილი სიმღერა გადაამღერა, რომელთა შორის უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ჯორჯ გერშვინის Summertime და მაიკ დ’აბოს Handbags And Gladrags.

როგორც კომპოზიტორი, ქრის ფარლოუ ვერ განვითარდა. აქედან გამომდინარე, არამარტო მისი, არამედ ჩვენი – მსმენელთა ხსნაც იყო ჯონ ჰაისმანის მიერ მისი განჭვრეტა. Colosseum–მა ფარლოუს გამო იქამდე ორ ალბომში გამოცდილი შესანიშნავი მომღერალი ჯეიმს ლიტერლენდი დაითხოვა და ახალწვეულ მომღერალსაც ყველა დროის ერთ–ერთ საუკეთესო და სერიოზულ ბრიტანელ მუსიკოსებთან ერთად მოუწია ჯაზ–როკული რეპერტუარის შესრულება.

რა თქმა უნდა, დევიზი „ბლიუზი – როკის იდეა“ Colosseum–ის ფუნდამენტად იქცა, ხოლო 1970–1971 წლის სამ ალბომთაგან, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი Live-ია, რომელიც ყველა დროის ერთ–ერთ უდიდეს ბრიტანულ საკონცერტო ალბომად იქცა. უნდა ითქვას, რომ თუკი ამერიკაში ორდისკიანი საკონცერტო ალბომები იმ დროისათვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, ბრიტანეთში მათ ჩაწერას პროდიუსერები ვერ რისკავდნენ, რადგან, როგორც ჩანს, ჯგუფები ვერ ახერხებდნენ ნაწარმოების სისრულისა და ერთიანობის მიღწევას თუნდაც ერთი საათისა და 20 წუთის განმავლობაში. ვის – მცირე რეპერტუარი უშლიდა ხელს, ვის – The Allman Brothers Band–ისა თუ Chicago-სთვის დამახასიათებელი უსაზღვრო საკონცერტო ენერგეტიკის არარსებობა.

თუ დავფიქრდებით, პირველი წუთიდანვე ბოლომდე უაღრესად დახვეწილი Colosseum Live, მართლაც რომ პირველი სერიოზული ბრიტანული ორდისკიანი ზოგადად როკ და და კონკრეტულად ჯაზ–როკ საკონცერტო ნამუშევარია. ბილბორდის ჩარტებში ალბომმა 192–ე ადგილი დაიკავა, თუმცა ალბათ ესეც სანუგეშოა, რადგან Colosseum–ის არცერთი სხვა ალბომი ჩარტებში არ მოხვედრილა.

კოლექტივი ამ ალბომის ჩაწერის შემდეგ დაიშალა და ფარლოუ საკმაოდ განსხვავებული – ფსიქოდელიური ელფერის მქონე კოლექტივში – Atomic Rooster აღმოჩნდა. Atomic Rooster, Colosseum–თან შედარებით, ერთი შეხედვით ვიწრო დიაპაზონის მქონე ჯგუფი იყო, თუნდაც ამ ჯგუფების წევრთა საშემსრულებლო ოსტატობიდან გამომდინარე, მაგრამ მეორეს მხრივ კოლექტივის დისკოგრაფიას ფარლოუმდე სამი შესანიშნავი სტუდიური ალბომი ამშვენებდა. ცუდს ვერაფერს ვიტყვით ალბომებზე Made In England და Nice’n’Greasy, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ფარლოუს მხოლოდ ფსიქოდელიური მხრით განჭვრეტა, ალბათ Atomic Rooster–ის ლიდერ – უინსენტ ქრეინის შეცდომა იყო, ხოლო მეტ ბლიუზსა და ჯაზს Atomic Rooster რეპერტუარში ვერ აიტანდა. აქედან გამომდინარე, კოლექტივმა ახალ მომღერალთან ერთად მართალია შეინარჩუნა სტილი, მაგრამ ქრის ფარლოუ დაიკარგა და Colosseum–გან განსხვავებით, სადაც დიდი ინსტრუმენტალისტები მას შესაძლოა უფრო ნაკლებსაც კი ამღერებდნენ, ზოგჯერ ჩვეულებრივ – არაფრით გამორჩეულ მომღერლად იქცა...

ქრის ფარლოუს შემოქმედების მომდევნო ეტაპი 80–იანი წლების მეორე ნახევარს უკავშირდება, რომელიც დღემდე მიმდინარეობს და საბოლოოდ Colosseum–ის 2003 წლის ამავე სახელწოდების შედევრიდან გამომდინარე, ბოლომდე გაგრძელდება...

ჯიმი პეიჯმა 1988 წელს ძალიან დიდი საქმე გააკეთა, როდესაც თავის პროექტ Outrider-ში ორი ბებერი და მივიწყებული მუსიკოსი – მომღერალი ქრის ფარლოუ და წარსულში Jethro Tull–ის დრამერი – ბარიმორ ბარლოუ „გააცოცხლა“. რა თქმა უნდა მუსიკოსებმა შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს ბლიუზურ რეპერტუარში Hummingbird, Blues Anthem და Prizon Blues. ციხეში ყოფნა ფარლოუს ცოტა ხნით მართლაც მოუწია ლონდონის გარეუბანში მის მიერ გახსნილ სანადირო თოფების მაღაზიაში „სიდედრის მოკვლის მსურველთათვის“ იარაღის უფასოდ გაცემის სურვილის გამო...

მომღერლის ბოლო ათწლეულების ბენეფისი კი Colosseum–ის პიანისტ დევიდ გრინსლეიდის დაბადების დღეს უკავშირდება, როდესაც მუსიკოსები 20–წლიანი შესვენების შემდეგ პირველად შეიკრიბნენ. დაკვრით თავადაც იმდენად მოხიბლულან, რომ ჯონ ჰაისმანი თავის პროდიუსერს დაუკავშირდა და Colosseum–იც 1994 წელს კიოლნის საოცარი ლაივ–ალბომით დაუბრუნდა მუსიკალურ სცენას. შეიძლება ბევრი კონცერტი გვქონდეს ნანახი, მაგრამ Colosseum–ის Live In Cologne, რომ გამორჩეულია, ამას არა მხოლოდ ამ ჯგუფის მოყვარულები აღნიშნავენ.

უკვე ჭაღარა ქრის ფარლოუ კი ასაკშიც ისე ასრულებს Theme From An Imaginary Western–სა და Rope Ladder To The Moon-ს, რომ ჩვენ – მსმენელებმა, იგი მარადიული ბრიტანული ბლიუზის ერთ–ერთ საუკეთესო მომღერლად შეგვიძლია განვჭვრიტოთ...