თამარ ჩუგოშვილმა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 86-ე საერთაშორისო სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

თამარ ჩუგოშვილმა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 86-ე საერთაშორისო სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 86-ე საერთაშორისო სესიას მასპინძლობს. სესიაში მონაწილეობას იღებს 40 ევროპული ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი. გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დელეგატები საკომიტეტო მუშაობის დროს შემუშავებულ რეზოლუციებზე გამართავენ დებატებს.

სესია მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გახსნა და დამსწრეებს საქართველოს უახლესი ისტორიის, არსებული გამოწვევების, ასევე, განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ესაუბრა.

„თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომელიც საკუთარ თავს მოიაზრებს ევროპულ ქვეყნად და რომელიც არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. მაგრამ, მისი ისტორია სავსეა ოკუპაციით, რომლის მიზანიც საქართველოს ევროპისგან იზოლირება იყო", - მიმართა თამარ ჩუგოშვილმა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საერთაშორისო სესიის დელეგატებს. მისი თქმით, გასულ საუკუნეში ქართველი ხალხის ლიბერალური ღირებულებებისა და დემოკრატიული მისწრაფებების წაშლას საბჭოთა იმპერია ცდილობდა და ამის გამო, საქართველომ განვითარებისა და ევროპულ სახელმწიფოებთან დაახლოების შესაძლებლობა ერთი საუკუნით დაკარგა.

„ახლაც კი, საქართველოს ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ გვყავს 250 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც იძულებულები იყვნენ, საცხოვრებელი დაეტოვებინათ და მათ არ აქვთ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ოკუპაციამ ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. საქართველომ ძალიან რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი გაიარა მხოლოდ იმიტომ, რომ გვინდოდა დამოუკიდებლობა, გვინდოდა გვყოლოდა ჩვენი საკუთარი ხელისუფლება და თავად ვყოფილიყავით პასუხისმგებლები საკუთარი ქვეყნის წინაშე", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ რთული წლები გამოიარა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ის არარსებული სახელმწიფოდან ერთ-ერთ ყველაზე ტრანსფორმირებულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვანი პროგრესი მოიტანა, მათ შორის - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და ვიზალიბერალიზაცია, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განმარტებით, ქართულ ინსტიტუტებს - ევროპულ სტანდარტებთან და საქართველოს - ევროპასთან აახლოებს.

თამარ ჩუგოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება რომელიმე ხელისუფლების ან პოლიტიკური ძალის არჩევანი არ არის.

„ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ყველა კვლევის მიხედვით, ქართველების დიდი უმრავლესობა და ეს რიცხვი იზრდება, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას. ეს ციფრები აჩვენებს, რომ დასავლური გზა არის ქართველი ხალხის არჩევანი და ეს შეუქცევადია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ან რომელიმე სხვა, შეეცდება მის შეცვლას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიზანი შემდგომი პროგრესია. პარლამენტის წევრმა პრიორიტეტული მიმართულებებიც დაასახელა.

თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პარლამენტის როლსა და საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კონსტიტუციაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებებით ძლიერდება ოპოზიციის როლი, ასევე, ძლიერდება მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი.

„საქართველოს პარლამენტს შეაქვს ძალიან დიდი წვლილი საქართველოს განვითარებაში. ცოტა ხნის წინ მივიღეთ ახალი კონსტიტუცია. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებებია. საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით გავაძლიერეთ ოპოზიციის როლი, ოპოზიციური პარტიების შესაძლებლობები, უკეთ იყვნენ წარმოდგენილები პარლამენტში, ჰქონდეთ მთავრობისა და უმრავლესობის კონტროლის უკეთესი მექანიზმები და მიიღონ უფრო აქტიური მონაწილეობა ამ ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ განვახორციელეთ ეს ცვლილებები უფრო დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უკეთესი ხარისხის მისაღწევად. ახლა, ამ წლისა და მომავალი წლების განმავლობაში, პარლამენტი მიზნად ისახავს შეასრულოს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული როლი - ჰქონდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის უკეთესი მექანიზმი და ამ გზით, იყოს მეტად პროდუქტიული ძალაუფლების დაბალანსების მიმართულებით. საქართველოს აქვს ხელისუფლების შტოებს შორის დისბალანსის გამოცდილება. პარლამენტი არის რეფორმირების პროცესში და ამით ის ხელს უწყობს ქვეყნის შემდგომ რეფორმირებას. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ პროცესის მონაწილე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

სიტყვით გამოსვლისას, თამარ ჩუგოშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირთან და ნატოსთან, მსოფლიოს იმ ნაწილთან ერთადაა, რომელიც საკუთარი მოქალაქეებისთვის თანაბარ უფლებებს, შესაძლებლობებს და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.