„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით კიდევ ერთი საწარმო ფართოვდება

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით კიდევ ერთი საწარმო ფართოვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვებას ავეჯის კომპონენტების მწარმოებელი კომპანია შეძლებს.  შპს „ჯეო დეკორი“ ავეჯის კომპონენტების  ლამინირებული ფილებისა და შპონირებული მერქან-ბოჭკოვანი ფილების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით ახალ ტექნოლოგიურ საწარმოო ხაზს დანერგავს.

კომპანია 2010 წელს დაარსდა და ავეჯის დამზადებით და რეალიზაციით არის დაკავებული. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის მხარდაჭერით, შპს „ჯეო დეკორი“ ახალი დანადგარებს შეიძენს და პროდუქციის რაოდენობას გაზრდის.

კომპანია ხარისხის ამაღლებისა და პროდუქციის თვითღირებულების შემცირების ხარჯზე, საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს. ამ ეტაპზე საწარმოში 17 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ინვესტიციის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა 12 კაცით გაიზრდება.

აღნიშნული საწარმო თბილისში, ქსნის ქუჩა N5 მდებარეობს. პროგრამის  ფარგლებში პირველი 2 წლის განმავლობაში მისი სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.  ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 765 000 ლარს შეადგენს.

2017 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 312 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 753 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 12 600-მდე ადამიანს შეადგენს.