კახა კალაძის საკრებულოში ყოფნა სავალდებულო არ არის, მას აქვს უფლებამოსილება, უფლებამოსილება გვჭირდება ჩვენ, მთავრობის მომავალ წევრებს

კახა კალაძის საკრებულოში ყოფნა სავალდებულო არ არის, მას აქვს უფლებამოსილება, უფლებამოსილება გვჭირდება ჩვენ, მთავრობის მომავალ წევრებს

კახა კალაძის აქ ყოფნა სავალდებულო არ არის, მას აქვს უფლებამოსილება, უფლებამოსილება გვჭირდება ჩვენ - თბილისის მთავრობის მომავალ წევრებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-მერის თანამდებობაზე წარდგენილმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, რომელიც ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ კახა კალაძე დღეს საკრებულოში არ იმყოფება.

მისივე თქმით, მთავრობის ახალი წევრები საკრებულოს წევრების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხებენ.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, კახა კალაძე არა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურაზეა პასუხისმგებელი, არამედ თბილისის მთავრობის ყველა ახალ წევრზე.

ხმალაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის შემადგენლობაში მყოფი ყველა კანდიდატი პროფესიონალიზმით, მაღალი კვალიფიციურობით და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩევა.

„კახა კალაძე არჩეული მერია. იგი უფლებამოსილების განხორციელებას ორშაბათიდან შეუდგა, შესაბამისად, მას არ სჭირდება საკრებულოს თანხმობა. ჩვენ ვართ ის ადამიანები და შემადგენლობა, ვისაც სჭირდება საკრებულოს თანხმობა. აქედან გამომდინარე, კახა კალაძის მიერ წარმოდგენილი თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა მოვედით საკრებულოში, რათა გავიაროთ პროცედურა და მოვახსენოთ საკრებულოს ჩვენი ოთხწლიანი მმართველობის შესახებ. რასაკვირველია, ყველა დასმულ კითხვას გავცემთ პასუხს. კალაძის აქ ყოფნა სავალდებულო არ არის. მას აქვს უფლებამოსილება, უფლებამოსილება გვჭირდება ჩვენ, მთავრობის მომავალ წევრებს“, - განაცხადა ხმალაძემ.