ე.წ. სამხრეთ ოსეთმა ქართული მხარე „საზღვარზე სროლაში“ დაადანაშაულა

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა ქართული მხარე „საზღვარზე სროლაში“ დაადანაშაულა

პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის „სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა“ მურატ ჯიოევმა ქართული მხარე „რესპუბლიკის“ სასაზღვრო ნიშნების მისამართით სროლაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „სპუტნიკ-ოსეტია“ იუწყება.

ჯიოევმა ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ოქტომბერში ოსურმა მხარემ „საზღვარზე სროლის ორი შემთხვევა დააფიქსირა“.

„ოქტომბერში საქართველოს მხრიდან სასაზღვრო ნიშნების მისამართის სროლის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს აღმაშფოთებელი ფაქტია და არ უნდა განმეორდეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საკუთარ ფუნქციებს არასათანადოდ ასრულებს, ვინაიდან ამას შესაბამისი ყურადღება არ მიაქციეს. ჩვენ ეს შემთხვევა რესპუბლიკის მისამართის სროლად აღვიქვით. ამას შეიძლებოდა არასასურველი შედეგი მოჰყოლოდა, აღნიშნულ ადგილებში მესაზღვრეები ან ადგილობრივი მცხოვრებლები რომ ყოფილიყვნენ“, - განაცხადა ჯიოევმა.