არც კი განგვიხილავს საკითხი, რომ მეგის ქარდავა ქართველ სამართალდამცველებთან ითანამშრომლებს და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მიხეილ ლოტოცკიმ განუცხადა.
მისივე განმარტებით, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შემთხვევაშიც არანაირ გარანტიებზე არ შეიძლება იყოს საუბარი, ვინაიდან ქარდავას წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე საქმეზე განაჩენი დამდგარია.
„რაც შეეხება იმას, რომ რაღაც გარანტიების სანაცვლოდ მეგის ქარდავამ შესაძლოა ქართველ სამართალდამცველებთან ითანამშრომლოს და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, მსგავსი არაფერი ვიცი. არც კი განგვიხილავს რაიმე მსგავსი მეგის ქარდავასთან. საერთოდ, რა გარანტიებზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც მის წინააღმდეგ განაჩენია გამოტანილი“, - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება საექსტრადიციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხს, ადვოკატის თქმით, უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა იმის თაობაზე, მიიღო თუ არა საექსტრადიციო მოთხოვნა საქართველოს მხრიდან, თუმცა გენერალური პროკურატურისგან ჯერ არანაირი პასუხი არ მიუღია.
უკრაინაში დაკავებულ მეგის ქარდავას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.