საგარეო დაზვერვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაერთიანება KGB-ს ასოციაციას იწვევს

საგარეო დაზვერვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაერთიანება KGB-ს ასოციაციას იწვევს

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, საგარეო დაზვერვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაერთიანება KGB-ს ასოციაციას იწვევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა, საგარეო დაზვერვას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სხვადასხვა სპეციფიკა აქვთ და ეს მათი გამიჯვნის მთავარი პრინციპია.

შარაშენიძეს კითხვები გაერთიანების აუცილებლობაზე უჩნდება და ამბობს, რომ როგორც წესი, საგარეო დაზვერვის სამსახური ყველა ქვეყანაში ცალკე ფუნქციონირებს.

„როგორც წესი, საგარეო დაზვერვა ცალკე ფუნქციონირებს ხოლმე, თუმცა ჩვენი დაზვერვა შეიძლება იმდენად მცირეა, რომ ცალკე მის ყოფნას შეიძლება აზრი არ აქვს ანუ არ არის ჩვენი დაზვერვა ძლიერი. მაგრამ დიდ სახელმწიფოებში, რომლებსაც აქვთ იმის საშუალება, რომ იყოლიონ სერიოზული დაზვერვა, როგორც წესი, ცალკეა ხოლმე დაზვერვა. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ საგარეო დაზვერვა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ბარემ სუს-ს შეუერთდეს. ჩემი აზრით, ეს მოხდა. საგარეო დაზვერვა, კონტრდაზვერვა და შიდა უსაფრთხოება ერთად იყო KGB-ში. მას ჰქონდა ყველაფერი ერთად. გინდა არ გინდა ეს გაერთიანება და ამგვარი სისტემა KGB-ს მოგონებას აღძრავს“, - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება გაერთიანების შედეგებს, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი მიიჩნევს, რომ საგარეო დაზვერვის მიერ შედეგის საჩვენებლად დრო, ფინანსური რესურსი და ძლიერი კადრებია საჭირო. ამასთან, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ საგარეო დაზვერვის სუს-ში გაერთიანება, შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კადრების შემცირებას უკავშირდებოდეს.

„მე მიჩნდება კითხვა გაერთიანების აუცილებლობაზე. გასაგებია, ვინც დაზვერვის ხელმძღვანელი იყო, ის ყოფილი პრემიერის, ღარიბაშვილის კადრია და შეიძლება ამის გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ღარიბაშვილის კადრის შესაცვლელად რა საჭირო იყო გაერთიანება? სჯობდა, მოეხსნათ უბრალოდ. არ იყო აუცილებელი, ჩემი აზრით, ამის გამო ორი აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკის მქონე უწყების შერწყმა“, - განაცხადა შარაშენიძემ.

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაერთიანდება და ცალკე აღარ იფუნქციონირებს.