სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ ჟურნალისტებისათვის გამოუცხადებელი ომის ქრონიკა – 2012 წ. გაზაფხული (VIDEO)

სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ ჟურნალისტებისათვის გამოუცხადებელი ომის ქრონიკა – 2012 წ. გაზაფხული (VIDEO)

„ახალი ამბების კოორდინირებული გაშუქება სერიოზული ინდიკატორია იმის, რომ ქვეყნის მთავარ მაუწყებლებში სარედაქციო დამოუკიდებლობის დეფიციტია“


(უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“).

„საქართველოს რეგიონულ მედიაში არსებული მდგომარეობა საშიშია. არაერთხელ მსმენია ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ, თუმცა კონკრეტული შემთხვევების შესახებ დღეს პირადად დაზარალებულებისგან მოვისმინე.ცუდია, რომ ზეწოლის ფაქტები ძირითადად სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან ხდება. საერთაშორისო ორგანიზაციებს ერთადერთი ის შეგვიძლია, რომ საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაზე ვიმუშაოთ და ქართულ მედიაში არსებული ვითარება საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ“

(მეთ შელი, საერთაშორისო ორგანიზაცია IREX-ის მედიაპროგრამების ხელმძღვანელი) 

ორივე წამყვანი კერძო ტელეკომპანიის - „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ - მესაკუთრეებს ადმინისტრაციასთან აქვთ კავშირი და ამ არხების საინფორმაციო გამოშვებებში მთლიანად დომინირებს სააკაშვილის გამოსვლების და პიარ-კამპანიების გულუხვი გაშუქება... „იმედი“, რომელმაც იმიტირებულ ინტერვენციაზე რეპორტაჟი მოამზადა, ერთ დროს სააკაშვილისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია იყო, რომელიც ოპოზიციონერ მაგნატს ეკუთვნოდა, მაგრამ არხი დახურეს, როდესაც პოლიციამ 2007 წელს საპროტესტო აქციები დაარბია და ბოლოს მთავრობის მხარდამჭერების ხელში აღმოჩნდა. 

(მეთიუ კოლინი, AFP ჟურნალისტი)


„ქურდს რა უნდა და – ბნელი ღამეო“

(ქართული ხალხური ანდაზა)

2009 წლის 28 ნოემბერს ია ანთაძემ რადიო „თავისუფლების“ ბლოგზე გამოაქვეყნა სტატია – „ვინც არც გატყდა და არც გაიყიდა“. სტატია იამ მიუძღვნა ჟურნალ „ბათუმელების“ გმირ ჟურნალისტებს, რომლებიც სახელისუფლებო და განსაკუთრებით, პოლიციური სტრუქტურების მხრიდან შევიწროების და დაშინების მრავალი მცდელობის მიუხედავად, მედგრად იცავდნენ და ახორციელებდნენ თავიანთ უპირველეს მოვალეობას – ადამიანებამდე სწორი ინფორმაციის დროულად მიტანის ფუნქციას.

2009 წ. 12 დეკემბერს, თქვენმა მონა-მორჩილმა გამოვაქვეყნე სტატია „ჰავლაბრის ტურფები, ჟურნალისტები და ურნალისტები, ანუ – მათზე, ვინც გატყდა და გაიყიდა“. განსხვავებით იმ დროს საქართველოს მედია-სივრცეში მიღებული დაუწერელი წესისაგან, გადავწყვიტე, რომ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა აუცილებელს ხდიდა იმ მთავრობის მიერ მოსყიდული ფსევდოჟურნალისტების მხილებას (მათ „ურნალისტები“ ვუწოდე), რომლებიც თვალში ნაცარს გვაყრიდნენ, სიმართლეს გვიმალავდნენ და ჟურნალიზმი პორპაგანდითა და სამთავრობო პიარ-კომპანიით ჩაანაცვლეს. სტატიას წინ წავუმძღვარე დავით გურამიშვილის კითხვად ნათქვამი აფორიზმი: „აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო? ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?“ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ია ანთაძეს და დავით მჭედლიძეს თანადგომისათვის და სტატიის გამოქვეყნებისათვის და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ მედიის პროფესიონალების და ექსპერტების უმრავლესობა მაინცდამაინც არ უჭერდა მხარს ჟურნალისტებს შორის მსგავსი გარჩევების და ბრალდებების წაყენებას.

ამ დროიდან დღემდე ჩემს ბლოგზე http://solomonternaleli.wordpress.com უკვე 200-ზე მეტი სტატია გამოვაქვეყნე, რომელიც 80,000-ზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა. ამ სტატიებში ზოგი უფრო წარმატებულიც ყოფილა და ბევრი თავად აღარც მომწონს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის პირველი სერიოზული სტატია „ურნალისტებზე“ სრულად გამართლებული იყო. დრომ აჩვენა, რომ საქართველოს აბსოლუტურად უგვანი და უსინდისო ხელისუფლების ყველაზე სერიოზული რესურსი წლების განმავლობაში სწორედ მსოფლიო და ქართული საზოგადოების წარმატებული დაბრმავება და დაყრუებაა. სწორედ ურნალისტთა დარაზმული ასეულები და მათ პიარ-სტატიებში მთავრობის მიერ დახარჯული ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული მილიონები უმაგრებს ძირს საკაშვილის ანტიხალხურ და ძირმომპალ რეჟიმს. და რომ თავისუფალი მედიის არსებობის შემთხვევაში, ეს რეჟიმი დიდი ხანია ისევე იქნებოდა ისტორიის სანაგვეზე გადაგდებული, როგორც ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლება.

როდესაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა, მიხეილ სააკაშვილმა – თავისი წინამორბედის ბედის თავიდან ასაცილებლად, მიზნად დაისახა რამდენიმე სტრატეგიული ამოცანა მედიის სფეროში:

1) საქართველოში არ უნდა ყოფილიყო ნაციონალური მასშტაბის თავისუფალი ტელევიზია და მაქსიმალურად უნდა შეზღუდულიყო თავისუფალი მედიის მოქმედების არეალი, მათ შორის ლიცენზირებისა და საკაბელო თუ სატელიტური მაუწყებლობის შეზღუდვით. ამავდროულად, სააკაშვილმა სპეციალურად დაუშვა, დარჩენილიყო 1-2 დამოუკიდებელი ტელევიზია თბილისის ფარგლებში და რამდენიმე შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების რეგიონული ტელეარხი, რომელთა ხელისუფლებისადმი კრიტიკული რეპორტაჟები სააკაშვილს საშუალებას მისცემდა მთელი მსოფლიოსათვის ემტკიცებინა, რომ საქართველოში მედია თავისუფალია და ხელისუფლების კრიტიკა დაშვებულია. ის, რომ ნაციონალური მასშტაბის ტელევიზიების (ანუ – „მიშავიზიების“) მიერ საქართველოს მოსახლეობის 80-90%ის სრული ზომბირება ხდებოდა, ამას დასავლეთი დიდხანს ვერ ან არ იმჩნევდა;

2) საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედია საშუალებებს უნდა შეზღუდოდათ დაფინანსების, სახელმწიფო დაწესებულებებში გავრცელების, და ინფორმაციის თავისუფლად მიღების შესაძლებლობები;

3) საქართველოში არ უნდა ყოფილიყო თავისუფალი ბიზნესი, რომელიც გაბედავდა და დააფინანსებდა დამოუკიდებელ მედიას, მისცემდა მას პროფესიონალური და ტექნიკური განვითარების საშუალებას.

4) საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს უნდა გასჩენოდათ იმის შეგრძნება, რომ მათი მატერიალური კეთილდღეობა პირდაპირპორპორციული იქნებოდა მათი ხელისუფლებისადმი ლოიალობის და ოპოზიციის განქიქების უნარ-ჩვევების. ამისათვის უნდა გამოეყენებინათ როგორც სამთავრობო სამსახურებში და პროსამთავრობო ბიზნეს-სტრუქტურებში ჟურნალისტების დასაქმების, ასევე მორჩილი ჟურნალისტების პრემირების და ურჩთა – დაშინების და შანტაჟის მწყობრი სისტემა. 

2011 წ. 30 ნოემბერს სტატიაში „მედიის პირმშო და დაუძინებელი მტერი – გამოუცხადებელი ცივი ომის და ცხელი რეიდერული დაპყრობების ქრონიკები“ ვწერდი:

„ყველა ზემოთხსენებული შეზღუდვების და პრესის გავრცელების თანდათანობით შევიწროების გამოყენების ფონზე ხელისუფლებამ მწყობრ ლეგიონად აქცია სახელისუფლებო პროპაგანდისტები (ურნალისტები), რომელთაც ერთადერთ ამოცანად საქართველოს მოსახლეობის დაბრმავება, დაყრუება და მოტყუება დაუსახა, და რომლებიც ამ ამოცანას მართლაც შესაშური ძაღლური ერთგულებით ასრულებენ. შეიქმნა პოლიციელებით დაკომპლექტებული ტელევიზია – რეალ-ტვ, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ აშშ სახ.დეპარტამენტის ანაგარიშებში მრავალჯერ მოხვედრილი ექს-ჟურნალისტი და რეალურად ხელისუფლების სადამსჯელო მანქანის ერთ-ერთი უგვანო პირი – გურგენ დონაძე და მისი ხელქვეითი გიორგი კაპანაძე ხელმძღვანელობენ. ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის ამ კოჰორტას ავსებენ გიგი უგულავას ცოლისდის მიერ მართული ”პრაიმ-ტაიმი” და სახელისუფლებო დოტაციაზე მყოფი, ერთ დროს პოპულარული და ამჟამად აბსოლუტურად ურეიტინგო – ”24 საათი”. ეს სწორედ ის ბეჭდვითი მედია-საშუალებებია, რომლებიც მერიის მხრიდან პრესის თავისუფლებაზე ბოლო შეტევის დროსაც კი სოლიდარობას არ უცხადებენ სხვა ჟურნალისტებს, რადგან ისინი თავად არც არიან ჟურნალისტები, ისინი პროპაგანდის ნაცისტურ-ბოლშევიკური ტრადიციების გამგრძელებლები არიან და როგორც ტოქ-შოუ ”არგუმენტებში” ჟურნალისტ ელისო ჩაფიძესთან „პრაიმ-ტაიმის“ წარმომადგენლის კამათიდან გამოჩნდა, მათ მერიის ეს ნაბიჯი თავიანთი მომავლის საფრთხედ, გაზეთების დისტრიბუციის და კონსტიტუციის 41-ე და 42-ე მუხლების დარღვევად არ მიაჩნიათ! და ეს არცაა გასაკვირი, ისინი ხომ ხელისუფლების დანამატები არიან და საფრთხეს კი არა, თავიანთ ”ბედნიერ მომავალს” სწორედ ნაცმოძრაობის უღრუბლო და მარადიულ ბატონობას უკავშირებენ. მათი რეალური შემოსავლები მათი პროსამთავრობო პოზიციის პროპორციულია.“

შევარდნაძის კორუმპირებული მთავრობის დროს სამინისტროებში ტარდებოდა ღია კარის დღეები და ბრიფინგები პრესისათვის, სადაც მინისტრები ჟურნალისტებს ხვდებოდნენ და მართალია, ხშირად თავიანთ რეალურ თუ მოგონილ წარმატებებზეც ტრაბახობდნენ, მაგრამ შემდეგ პრესის საკმაოდ კრიტიკულ და მწარე შეკითხვებზეც უწევდათ პასუხების გაცემა. ეს ყველაფერი კი შემდეგ ჟურნალ-გაზეთებსა და რადიო-ტელევიზიებში ხვდებოდა. ალბათ, ზედმეტია იმის შეხსენება, რომ უკვე 2005 წლიდან სააკაშვილის მიშკურთხეულმა მინისტრებმა, რომლებიც ყოველთვიურად ათეულათასაობით ლარიან პრემიებს იღებენ, ეს საქმიანობა თავიანთ მოადგილეებს გადააბარეს, ხოლო შემდეგ სამინისტროებმა საერთოდ შეწყვიტეს ღია კარის დღეები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამინისტროების თანამშრომლებს საერთოდ აეკრძალათ მინისტრის ნებართვის გარეშე ინფორმაციის გაცემა!

2010 წლიდან საფუძველი ჩაეყარა თბილისის მერიის მიერ მთელი რიგი საჯარო ინფორმაციის ჟურნალისტებისათვის მიწოდების პრაქტიკის სისტემატურ დარღვევას. 2012 წლიდან თბილისის მერს რეგიონულმა მმმართველებმა და სხვა ქალაქების მერებმაც მიბაძეს.

(შემდგომში გამოყენებულია რადიო თავისუფლების ვებ-გვერდის და ინტერპრესნიუსის, და www.presage.tv-ის მასალები)

www.radiotavisupleba.ge/content/regional_media/24577486.html
„ახალი გაზეთის“ ინფორმაციით, ქუთაისის მერის, გიორგი თევდორაძის თანხმობის გარეშე, მერიის სამსახურების უფროსები მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებენ. უკვე რამდენიმე კვირაა, ჟურნალისტებს ინტერვიუების ჩაწერა მას შემდეგ უხდებათ, რაც პრეს-სამსახურის წარმომადგენლები ქალაქის მერთან საკითხებს შეათანხმებენ. როგორც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ჟურნალისტებთან პირად საუბარში აცხადებენ, ისინი მკაცრად არიან გაფრთხილებულები, რომ მერის ნებართვის გარეშე, მერიიდან არანაირი ინფორმაცია არ გავიდეს. 
„გურია ნიუსის“ ჟურნალისტებისთვის 12 მარტიდან (ანუ იმ დროიდან, რაც კონტროლის პალატის მიერ მინიციპალიტეტების შენობებში მოქალაქეთა დაკითხვა მიმდინარეობდა), მუნიციპალიტეტების შენობები, პრაქტიკულად, დაიხურა. ჟურნალისტ ჯანა მეგრელიშვილის თქმით, როცა ერთ საჯარო მოხელესთან შესვლისთვის ყველა პროცედურას გაივლის და საშვს მოიპოვებს, იმავე სართულზე, გვერდით კაბინეტში მეორე საჯარო პირთან შესასვლელად ყველაფრის თავიდან დაწყება და მეორე საშვის აღება უხდება და ა.შ. ამავე დროს, სხვა ჟურნალისტები ადმინისტრაციულ შენობებში უპრობლემოდ გადაადგილდებიან. შენობაში მოქალაქეებსაც არ სთხოვენ საშვებს და ეს მოთხოვნა მხოლოდ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებზე მოქმედებს. 
გაზეთ „აჭარა P.S.”-ის ინფორმაციით, 6 აპრილს საბანკო კრედიტების გადაუხდელობის გამო, საცხოვრებლიდან ოჯახების გამოსახლების პროცესის გაშუქებისას, ქობულეთში პოლიციის თანამშრომლები, ქობულეთის პოლიციის უფროსის დავით ბეჟანიძის თანდასწრებით „აჭარა P.S.“-ის ჟურნალისტს, სულხან მესხიძეს ფიზიკურად შეეხნენ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და მისთვის ვიდეოკამერის წართმევას ცდილობდნენ. რედაქციის განცხადებით, გადაღებულ მასალაზე ეს ფაქტი გარკვევით ჩანს. 

გაზეთ „რუსთავის ამბების“ ინფორმაციით, 17 აპრილს ქვეყნის რამდენიმე მინისტრი რუსთავს ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თეატრისა და კინო „რუსთაველის“ შენობაში გასაიდუმლოებული შეხვედრა მოაწყვეს. შეხვედრაზე სკოლის პედაგოგები, საბავშვო ბაღების გაერთიანებისა და „რუსთავის კორპუსის“ წარმომადგენლები დაიბარეს და „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებისთვის დავალებები მისცეს. მერიის პრეს-სამსახურის სრულმა შემადგენლობამ „რუსთავის ამბები“ შეკრებაზე იმ მიზეზით არ შეუშვა, რომ შეხვედრა პარტიული და პრესისთვის დახურულად გამოცხადდა. გაზეთის რედაქტორს, თამარ ბატიაშვილს პრეს-სამსახურის უფროსმა, ნინო კორძაიამ შენობის დატოვება მოსთხოვა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან რედაქტორისგან უარი მიიღო, საქმეში საკრებულოს თავმჯდომარე, კახა გურგენიძე და ვიცე-მერი, შორენა გარდაფხაძე ჩაერივნენ – თეატრის თანამშრომელი კაბინეტში დაიბარეს და არასასურველი სტუმრის შენობიდან დათხოვნა უბრძანეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. „რუსთავის ამბების“ ინფორმაციით, მსგავსი პრობლემები არ შექმნია ადგილობრივი ტელევიზიის დირექტორს, ხათუნა მამარდაშვილს, რომელიც შეხვედრის დასრულებამდე შენობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. მას შემდეგ, რაც პრეს-სამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტები შენობიდან გააძევეს, თეატრის მიმდებარე სკვერში გადაინაცვლეს და ჟურნალისტებს ფოტოების გადაღებაშიც უშლიდნენ ხელს. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 20 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს წინანდალში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის გადაღების უფლება არ მისცეს. 

შიდა ქართლში გამომავალი „ხალხის გაზეთის“ ფოტოკორესპონდენტს რეზო ნადირაძეს უცნობი პირები მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც ის ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც კარალეთის ჩასახლებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის ინცინდენტია ასახული. ამ მასალაში კარალეთის დევნილთა ჩასახლების მამასახლისი, სხვა პირებთან ერთად ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვებას აიძულებს. „როგორც კი ეს ვიდეო მასალა გავრცელდა, ჩემს სახლში დარეკა უცხო პირმა და ჩემზე დაიმუქრა, სადაც ვნახავ, ყელს გამოვჭრიო“, – ამბობს ჟურნალისტი რეზო ნადირაძე.

2 მაისს ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების შენობაში არ შეუსვეს, ხოლო გაზეთ “P.S.”-ის ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ამავე დღეს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტს ქრისტინე ქარჩხაძესა და „მეგა TV”-ს ჟურნალისტს ალეკო გვეტაძეს. გაზეთ „P.S.”-ს ჟურნალისტის ნოდარ ჯოჯუას ინფორმაციით, მის მამას დაემუქრნენ, რომ თუ მისი შვილი არ შეწყვეტდა ხელისუფლების კრიტიკას, მას სამსახურიდან გააგდებდნენ. 

3 მაისს ქუთაისის მერიის მისაღებში დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ შენობაში მათი შესვლა დაცვის მიერ უნდა გაკონტროლდეს. ქუთაისის მერიის პრეს-სამსახურში განმარტავენ, რომ ჟურნალისტებისთვის დაწესებულ ახალ შეზღუდვებზე არაფერი იციან. 

3 მაისს ფოთში პრეზიდენტის დაცვის ექვსმა წევრმა TSpress.ge-ს ჟურნალისტს იზა სალაყაიას ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვა და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. შემდეგ კი დაცვამ ჟურნალისტს კამერა დაპირადი ნივთები ეზოში დაუყარა. ამასთანავე, კუთვნილი ნივთები აღების შემდეგ ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ კამერაში მეხსიერების ბარათი აღარ იყო და შესაბამისად, მას აღარ ჰქონდა გადაღებული მასალაც.

4 მაისს ქუთაისში, რესტორან „იმპერიალში“ მიმდინარე პარტიული შეხვედრიდან (რომელსაც შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი უძღვებოდა) გამოსულმა ნაციონალებმა newspress.ge-ს ჟურნალისტს, თეკლა მორგოშიას ფოტოგადაღება და გარე პერიმეტრზე მოძრაობაც კი აუკრძალეს. ამავე დღეს ზუგდიდში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა „ლაივპრესის“ და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტებს, თამარ ზამთარაიას და ოთო დალაქიშვილს, რომლებიც ზუგიდიდის პროკურატურასთან ინფორმაციის გადასამოწმებლად იყვნენ მისულები, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მათ ვიდეოკამერები წაართვეს და გადაღებული მასალებიც წაუშალეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 6 მაისს, პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ოფისში შეიჭრნენ და ჟურნალისტებს პოლიციის აღლუმის გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. დაცვის წევრები ამტკიცებდნენ, რომ რედაქციის აივნიდან აღლუმის გადაღებას პოლიციის პრეს-სამსახურის ნებართვა სჭირდებოდა. 

http://www.presage.tv/?m=society&AID=12356 
რეფორმირებული პოლიციის დაუფარავი სახე – ძალოვანთა თავდასხმის ობიექტი „კვირის რეპორტაჟის“ ოპერატორი გახდა 
11 მაისს დუშეთის რაიონის გამგეობის შენობის გარე კადრების გადაღებისას, „კვირის რეპორტაჟის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. გადაღებისას შენობიდან დაცვის თანამშრომელი გამოვიდა, „კვირის რეპორტაჟის“ ოპერატორს ზურაბ პატარიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კამერის დამტვრევა სცადა. ამ ინციდენტის შემდეგ გამგეობის შენობასთან უკვე „კვირის რეპორტაჟის“ ჟურნალისტი ბელა ზაქაიძეც მივიდა და შეეცადა დაცვის თანამშრომლებთან გაერკვია, რა მოტივით უშლიდნენ ისინი ხელს ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში, რასაც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან კვლავ აგრესია მოყვა. თავდასხმის ობიექტი ამჯერადაც ვიდეოკამერა გახდა. მოგვიანებით, დუშეთის გამგებელმა ვლადიმერ ბადაგაძემ „კვირის რეპორტაჟს“ განუცხადა, რომ ის მომხდარის შესახებ საქმის კურსშია, ამ ფაქტის დეტალებში გაერკევა და თუ დაცვის თანამშრომელმა კანონი დაარღვია, მომხდარზე რეაგირება აუცილებლად მოხდება. თუმცა, შემდეგ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას გამგებელმა ჟურნალისტებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და თქვა, თითქოს გადამღები ჯგუფი აგრესიის მსხვერპლი იმიტომ გახდა, რომ ის კამერის თანხლებით შედიოდა შენობაში. თუმცა როცა გამგებელმა გაიგო, რომ ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა არსებობს, განაცხადა, თითქოს მას მცხეთა მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მსგავსი რამ არ უთქვამს. http://www.presage.tv/?m=society&AID=12363 

”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო” ჟურნალისტთა უფლებების შელახვის ფაქტების მოხშირებას დაუსჯელობის სინდრომით ხსნის. საბჭოს მიერ 4 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ”ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტების მოხშირება ძალზე საშიშ ტენდენციებს იძენს” და ”იზრდება საფრთხე იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდეს მათ მიმართ ძალადობის, შანტაჟისა და ცემის ფაქტები.” 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ზეწოლა გაძლიერდა საქართველოს რეგიონებში განთავსებული საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებზე, და იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც ამ ცენტრებისათვის აგროვებენ მასალებს. ამის მკაფიო დადასტურება იყო 20 მაისს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრის გელა მთივლიშვილის დაკავება, პოლიციაში უკანონო დაპატიმრება (რასაც თავიდან უტიფარი უტიაშვილი უტიფრად უარყოფდა) და ფიზიკური დამორალური შეურაცხყოფის მიყენება. ყველაფერი ეს იმას უკავშირდება, რომ სააკაშვილი (ტიპური აზიური დესპოტებისაგან განსხვავებით) ვერ დაკეტავს ქვეყანას არჩევნების დროს. და თუ ადრე მისი რეპუტაცია და მისდამი აშშ თუ ევროკავშირის მაშინდელი ელჩების ლოიალური დამოკიდებულება უზრუნველყოფდა იმას, რომ საარჩევნო პროცესის დარღვევის თუნდაც საკმაოდ უხეში ფაქტები ჩაეფარცხა (გაიხსენეთ, 2008 წელს ევროკავშირის მისიის თავ-რე პიტერ სემნები ნაცმოძრაობის ზონდერბრიგადის წევრებს 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში დაპატიმრებული ჰყავდათ, მაგრამ თავად სემნებიმ ეს ფაქტი მიაჩუმათა), დღეს სიტუაცია სხვაა და მოსალოდნელია, რომ დასავლეთის დამკვირვებლები თვალს აღარ დახუჭავენ. მრავალი ფაქტი შეიძლება გახდეს მათი დაინტერესების საგანი, ხოლო ამ ფაქტის უეჭველობა სწორედ პირუთვნელი და მტკიცე რეგიონული ჟურნალისტების მასალების წყალობით დამტკიცდება. ვინაც გელა მთივლიშვილს, საბა წიწიკაშვილს, ელისო ჯანაშიას, ნესტან ცეცხლაძეს, გიორგი გირკელიძეს, გერონტი ყალიჩავას, შორენა ღლონტს, ლაშა ზარგინავას და სხვა მრავალ მამაც და პატიოსან რეგიონულ ჟურნალისტს იცნობს, კარგად იცის, რომ მათი მოსყიდვა და ურნალისტებად გადაქცევა ხელისუფლებას არ გამოუვა. ხელისუფლებამაც იცის ეს და ჯერ კიდევ არჩევნებამდე ყველანაირად ეცდება ძალის დემონსტრირება მოახდინოს და იმას მაინც მიაღწიოს, რომ პატიოსან ჟურნალისტთა კოჰორტის ზრდა რამენაირად შეანელოს, ხოლო ერთგული მანქურთ-ურნალისტები -გაამხნევოს. სწორედ ახლა გამოჩნდება ქართული საზოგადოების, ოპოზიციის, და უცხოური დემოკრატიული ძალების სიმტკიცე – ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის ქვეყნის სასარგებლოდ (და არა ავაზაკთა კორუმპირებული კლანის სასარგებლოდ) გადაწყვეტაში – იქნება ეს დავით გარეჯის გადარჩენა, თუ ეკოლოგიური და ტექნოლოგიური კატასტროფების მიზეზების გამოკვლევა, თბილისის „პრიხვატიზაციის“ შეჩერება, თუ ქართველი გლეხის და სოფლის გადარჩენა – გადამწყვეტი სიტყვა, განაგაშის ატეხვა და ჩვენი გამოღვიძება სწორედ ჟურნალისტის საქმეა და თუ ჩვენ გვინდა, რომ ძილში არ გამოგვისვან დანა ყელში და ჩვენი სახლები წყალმა არ წაიღოს, ხოლო ჩვენ ქონება ძლიერთა ამა სოფლისათა და მათმა ნათესავებმა არ მიიტაცონ, პირველ რიგში სწორედ ჩვენი მამაცი ჟურნალისტები უნდა დავიცვათ!

მედია უნდა უზრუნველყოფდეს საზოგადოების დაცვას! და საზოგადოება უნდა იცავდეს მედიას!

ჩვენი მთავარი შეცდომა და კატასტროფის დასაწყისი სწორედ ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა მედიის მსახურთა დიდი ნაწილის განეიტრალება, ხოლო ბევრის – ”გაბახებაც”! საბედნიეროდ, საქართველოს ბევრი ღირსეული ჟურნალისტი ჰყავს და სწორედ მათთან მხარდამხარ დგომით უნდა გაიმარჯვოს საზოგადოებამ ქვეყნის მოღალატე უზნეო ხელისუფლებაზე! უსამართლობასთან ბრძოლაში ჩვენი ფრონტის ყველაზე სერიოზული ხაზი დღეს სწორედ ჟურნალისტების დაცვაზე გადის. პატიოსანი ჟურნალისტების არსებობა ჩვენი საზოგადოებისათვის დღეს იგივეა, რაც ბლოკადაში მოქცეული ლენინგრადისათვის – ლადოგისკენ მიმავალი “სიცოცხლის გზა” იყო.

დაბოლოს, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ორი ფაქტი.

ერთი, ეს იყო ფოთში ირაკლი ალასანიას გამოსვლის შემდეგ პირველი არხის ჟურნალისტის ნატო ბერულავას მიერ TSPress-ის ჟურნალისტის კამერისათვის მიკროფონის ჩარტყმა და იმის მოთხოვნა, რომ მისთვის ხელი არ შეეშალათ! (თურმე ქუჩაში ინტერვიუს აღებისას რესპოდენტის პასუხის ჩაწერა სახელისუფლებო პრინციპებზე აღზრდილ ქ-ნ ბერულავას ექსკლუზიური უფლება ჰგონია).

http://www.youtube.com/watch?v=S0EX6X4OyhI 

იქნებ, ვცდები, და ეს არც იყო მზვერავ-ურნალისტის მიერ ზემოდან მიღებული დირექტივის პირნათლად ასრულების სამაგალითო ნიმუში, და ყველაფერი პიროვნული აუტანლობის ბრალი, ან სულაც – ცხელ ამინდში გადაღლილი ემოციური სფეროს გავლენა იყო. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი მაგალითები სულ უფრო გახშირდეს. ხელისუფლება კიდევ უფრო მწარედ წავა საკუთარი მომხრეებისაგან ნებისმიერი სახით ხარკის აკრეფაზე – იქნება ეს საკუთარი ბიზნესმენებისთვის შეწერილი მილიონები, საკუთარი ნათესავებისათვის მხარდამჭერი ლეგიონების მოგროვების დავალება, თუ საკუთარი ურნალისტებისათვის სწორედაც რომ საბრძოლო დავალებების მიცემა! ხომ გვახსოვს, წინა არჩევნების დროს საზოგადოებრივი არხის აბსოლუტურად საშუალო დონის ურნალისტმა, ვინმე ნიკა ავალიანმა, ისე პირნათლად შეასარულა მღვდელი გაპონის ფუნქცია, რომ სამინისტრო ბლანჟეს ტარების უფლებაც კი მიიღო! მოვიდა დრო, როცა რეალ-ტივის პროვოკატორების ურნალისტებად გასაღების მაგიერ, ურნალისტების წმინდა პროვოკატორებად და მოიერიშე „შტურმოვიკებად“ დაბრუნება გახდა აქტუალური.

მეორე და მეტად მნიშვნელოვანი ნიშნული კი იყო სტატია სამთავრობო პროპაგანდის ინტერნეტ-საიტ WWW.PRESA.GE-ზე, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთ-ერთ ინიციატორს, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტს და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს ია ანთაძეს უძღვნა ურნალისტების ერთ-ერთი გაულიატერის და მთავარი მანქურთის გიორგი კაპანაძის ერთგულმა კადრმა, ვინმე ეკა იაშვილმა.

დღემდე უცნობი ურნალისტი იაშვილი (ისე, ამსტატიით სახელი რომ „გაითქვა“, ვერავინ უარყოფს) მთელი საქართველოსათვის (და არა მარტო საქართველოსათვის) ბრწყინვალედ ცნობილ და პროფესიონალიზმის და მიუკერძოებლობის ნიმუშად მიჩნეულ (თუ გიგა ბოკერიას თანამეცხედრის, „ტაბულას“ რედაქტორ ჩერგოლეიშვილისა და მისი ფსევდოლიბერალ-ნეობოლშევიკური „სუფთა პოლიწიკის“ “კრეაწივისტებს“ არ ჩავთვლით) ია ანთაძის განქიქებას ცდილობს და ამისათვის იყენებს მეთოდებს, რომელიც 1937 წლის „პრავდის“ და „იზვესტიის“ ჩეკისტ-რედაქტორებს შეშურდებოდათ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მედიის სფეროში მიხეილ სააკაშვილის მთავარი კერპი იოზეფ გებელსია და მეთოდოლოგიაც სწორედ ამ „დიდი ადამიანისაგან“ აქვთ აღებული:

ვრცელი ამონარიდები [სადაც ჩემი კომეტარები კვადრატული ფრჩხილებითაა გამოყოფილი]:

„გავრცელებული ინფორმაციით [პრესა.გე ეტყობა ამ "გავრცელებულ/გასავრცელებელ" ინფორმაციას დრონი.გე-სგან იღებს!], ია ანთაძე ბიძინას დავალებით მონიტორების ჯგუფებს ქმნის. ეს ჯგუფები, შეეცდებიან საზოგადოებრივ აზრზე იმუშაონ და შექმნან წინასწარი განწყობა, რომ ოქტომბერში არჩევნები აუცილებლად გაყალბდება [თორემ ისე, არავინ აპირებს, ხომ? Bullshit! - საპრეზიდენტო სტილი დაცულია]. შუშის სასახლეში გამაგრებული, პუტინის საყრდენი დაჯგუფების ამოცანაა, შემოდგომისთვის „გაპრავებული“ ჰქონდეთ ვითარება, თითქოს [ჰუჰ!] არჩევნები გაყალბდა.“

… პრაქტიკულად, ია ანთაძე სათავეში უდგება მოძრაობას, რომელმაც უნდა შეამზადოს ნიადაგი, საარჩევნოდ სიტუაციის დასაძაბად. მნიშვნელობა არ აქვს შედეგებს [შედეგებს თუ მნიშვნელობა არა აქვს, ნავაროს დაქირავებული ბიჭები რას ჩალიჩობენ ველებზე?], შედეგი წინასწარ უნდა გაცხადდეს. ეს ის შემთხვევაა, როცა მედლის ორივე მხარეს ერთი რამ ახატია: „ხელისუფლების დასამხობად გარდაუვალი არეულობა, რადგან არჩევნები გაყალბდა“. [არც გაყალბებულა არასდროს, გოგრიშვილ-მაჭავარიან-ბასიშვილის კასტავ?!]

ახლა კი, უბრალოდ, გავიხსენოთ ვინ არის ია ანთაძე და რა გზა გაიარა მან „მწვანე მანტოიანი“ გოგოობიდან [ნეტა ეს „მწვანე მანტო“ საიდან მოელანდა იაშვილის ქალს? ეტყობა ბავშვობაში თავად ნატრობდა და არ უყიდეს], „დუბლიონკიან ხანდაზმულ მანდილოსნობამდე“ და რა არჩევანი აქვს: „ნორკისქურქიანი“ სიბერე თუ ზოლიანი ხალათი. ზოლიანი ხალათი ცუდად არ გაიგოთ [მაინტერესებს, კარგად როგორ უნდა გავიგოთ ზოლიანი ხალათი, გებელსის ნასტუდენტარო?]. ის შეიძლება ეცვათ, პატიმრებსაც, გიჟებსაც და „სასოწარკვეთილ დიასახლისებსაც“ [რა მაღალი სტილია, ეთიკის როგორი ევერესტები!]. თუმცა, ვინც ქვეყნის სტაბილურობას, დამოუკიდებლობას და მომავალს ჰყიდის, პირველ ორს შორისაც შეიძლება მოუწიოს არჩევანის გაკეთება [ბარემ დაგემთავრებია, წინაპარცხონებულო და გეთქვა ბოლომდე - „ვინც ქვეყნის სტაბილურობას, დამოუკიდებლობას და მომავალს ჰყიდის, ასევე - ჰყიდის დავითგარეჯას, აჭარას, საქართველოს სასაზღვრო რეგიონებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ტყეებს და მდინარეებს, ვინც ქართველი ხალხის ისტორიულ მემკვიდრეობას ჰყიდის და ანგრევს.... იმას მოუწევს წვრილზოლიან ხალათს და მსხვილზოლიან ხალათს შორის არჩევნის გაკეთება! ქე შეგძლებია, შე კაი ურნალისტო, თუ ცოტა თავს ძალას დაატან და სიმართლეს თვალს გაუსწორებ!]

ია ანთაძემ გადაწყვიტა და „ექსპერტი“ დაირქვა [თუ მათე კირვალიძე და ნოდარიკო მგელაძე "ჟურნალისტებია", ია „ექსპერტი“ კი არა, გურუ უნდა იყოს, წესით, ოღონდ ეგეთების გურუ ნაღდად არ იქნება] . მერე გადაწყვიტა და „ლიბერალიც“ მიიმატა [ არა, ბიჭო, კეზერა და რურუა არიან „ლიბერალები“, ჯაბას და კიტოვანის მადლმა! ანდა - თავხელიძე-გაბიანის ტანდემი...]. უფრო ადრე, მან ჟურნალისტობა დაიბრალა. არადა [აქ მძიმე იყო საჭირო, არგუმენტებზე მსუბუქო ეკავ!] გარეუბნის ერთერთი სკოლის საშუალო დონის პედაგოგი გახლდათ [ნუ, ახლა ყველა შაშკინის დონის მაკარენკო ხომ ვერ იქნება, ან - ბენდუქიძის დონის შვაიცერი!]. ერთხელ ერთერთ რედაქციაში წერილი მიიტანა და სამუშაოდაც იქ დარჩა. სკოლასთან შეთავსებით [აბა, ყველას "ხარ-ვარდი" ხომ არ ექნება დამთავრებული დონაძესავით, ან „სწენ-ფორდი“ - კაპანაძესავით!].

… ამბობენ, რომ არ იყო ურიგო პედაგოგი, თუმცა იყო უსახური ჟურნალისტი [ჰო, სახიერი უნდა იყოს ჟურნალისტი - ნანუკა ჟორჟოლიანივით]!. ნეტარის ხმით [- მაია ასათიანივით!] , კდემამოსილი გამომეტყველებით [- კვესიტაძის წამწამთკეცვით!] და პედაგოგიური მანერებით, პოლიტიკაში იგი ყოველთვის ძველმოდური დიქტოფონი იყო [ახალმოდური აი-პედი - ნოდარიკოა, სულიკო!], ვიდრე რეპორტიორი. [ნატოსმსრბოლელ გოგოტიშვილს შემოევლოს ბუბა ბიძია!]

…„მწვანე მანტო“. „მწვანე მანტოში“ გახვეული, საშუალო მონაცემების, კრავის ხმიანი მგელქალი [ვახ, ლედი მაკბეტ ჩერგო რომ გეყოლება გვერდით და მაინც მგელქალების გამოაშკარავებაზე რომ ხარ დაქოქილი], ყოველთვის „ჩურჩულით“ მიძვრებოდა იმ გზით, რომელ გზაზეც უჩინრებს ვერ ამჩნევენ. მას არასდროს ჰქონია პოზიცია. {!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ია ანთაძეს არასდროს ჰქონია პოზიცია! პოზიცია ჰქონდათ მხოლოდ გია ბარამიძეს, გიგი წერეთელს და მატრიცა ზალიკო უდუმაშვილს!]

ის ყოველთვის იქ „ჩურჩულებდა“, სადაც ჯერ არს… ყოველთვის იმის სასიკეთო პასუხს იძლეოდა, ვინც ეკითხებოდა – შეეძლო დილით პეტრეს მხარეს ყოფილიყო, მზის ჩასვლისას კი პავლესთვის გამოეცხადებინა მხარდაჭერა [ბარემ გიორგი თარგამაძეს მეტრით აზომე, ეკავ, ია-შვილო]. როცა ყველგან ამოწურა რესურსი, ოლიგარქს მიაშურა. არადა, დასავლური ღირებულებები იზიდავდა, თუმცა როცა საქმე „ნორკაზე“ მიდგა, პუტინის ლანდს გაჰყვა. ახალი ამ ქალის ისტორიაში არაფერია. ნახეთ კლარა ცეტკინის ან როზა ლუქსემბურგის ფოტო. დააკვირდით იას… „მწვანემანტოიანი“ ქალები ლიბერალური ღირებულებებით იწყებენ და მერე სისასტიკეებს სჩადიან…”

[აი, ბოლოში კი დავაფასე ქალბატონ ეკა ვაი-შვილის რესურსები. რაც არ უნდა ნეობოლშევიკი იყოს მიშისტი ურნალისტი, კლარა ცეტკინის ან როზა ლუქსემბურგის სახელების ცოდნა უკვე ინტელექტის გაბრწყინებად უნდა ჩაითვალოს. ხოლო თუ ქალბატონი ეკა ამ ქალბატონების ფოტოებსაც სცნობს, ესეიგი, კაპანაძის აგიტპროპი მართლა ვარსკვლავებს კრეფს... პლასტმასის ციდან]


ამ დაბალი დონის, გებელსური მეთოდოლოგიით გაშალაშინებულ პასკვილში ყველაფერი გასაგებია. ია ანთაძის ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში მედია-მონიტორინგს ახორციელებს და უკვე პირველი კვირების მაგალითზე აშკარა ხდება, როგორი კატასტროფული დისბალანსია მედიაში! ნაცმოძრაობის ლიდერებს ასეთი პირუთვნელი და ავტორიტეტული მონიტორინგის კი საოცრად ეშინიათ!

მიხეილ სააკაშვილი მაშინ იყო საშიში, როცა ქარიზმატული ყალბი იმიჯით შემოსილი და ცხვრის ქურქში გახვეული ხალხში დადებით ემოციებს აღვიძებდა! მისი სირინოზული გამოსვლების გამო, ხალხს მართლა იმის ფიქრი ჰქონდა მხოლოდ, სოხუმის დაბრუნება უფრო ადრე მოხდებოდა (ზეგ!) თუ ნატოში შესვლა (მაზეგ!)

მიხეილ სააკაშვილი დღეს ან ფუნდამენტალურად დაბოლილი გვევლინება, ან ბრუტალურად კბილებდაკრეჭილი. უკვე მის გამწარებულ მომხრეებსაც კი სერიოზული ეჭვი აქვთ, რომ მიშა მათი სისტემისთვის მხოლოდ ბალასტია. (თუ ნახეთ ბოლო „ბარიერში“ საოცრად პირშიწყალჩაგუბებული გიგა ნასარიძე!) ტრაგიკული წყალდიდობის საღამოს სლოვენიაში გაფრენილი გაფრენილი ან მეორე დღეს მილანში შოპინგში ჩაფლული მთავარსარდალი, რომელსაც რადიო „თავისუფლების“ ჩვეულებრივ თავშეკავებულმა რედაქციამაც კი მცირე, მაგრამ დახვეწილად მომთხრელი სტატია უძღვნა – http://www.rferl.org/content/saakashvili_milan_shopping-georgia/24584209.html – უკვე მსოფლიო პოლიტიკის მოვეტონად იქცა და ამას მისმა უდროოდ დაობლებულმა პარტიამ თვალი უნდაგაუსწოროს. დღეს ნაციონალურ მოძრაობას აღარ ჰყავს მამა, დედა, იდეოლოგია და ლიდერი. მას მხოლოდ მუშტი დარჩა, მაგრამ მუშტი უთაოდ – დიდი ვერაფერი ბედენაა…

დარჩენილ პერიოდში ნაციონალური მოძრაობა სულ უფრო გააძლიერებს და გააშიშვლებს მედიაზე ზეწოლას. მაგრამ სანამ ხელისუფლებაში მოსული ავაზაკთა ბანდა ახალ „კაპო დი კაპის“ არ აირჩევს, მათი სტრატეგია და ტაქტიკა (თუნდაც – დაშინებები) დაახლოებით ისეთივე ”ეფექტური” იქნება, როგორც მათი დღევანდელი დაპირებები, ხოლო მათი დამარცხებები – სულ უფრო ცხადი და მზარდი – როგორც ეს გამოჩნდა დავითგარეჯის და წყალდიდობის მენეჯმენტის მაგალითებზე…

ეკა იაშვილი – ია ანთაძის წინააღმდეგ?

სულ ეგა ხარ, მიშა? შენი დღევანდელი მედია-ფალავანი ვინმე ეკა იაშვილია?

აბა, სად – ია, და სად – ვინმე „ია-შვილი“?

იას მწვანე მანტო გამოგონილია, არ არსებობს, აი, შენი მწვანე რეიტუზიანი თათბირები კი – „არ ამოვა ხალხის გულიდან“!