დავით ნარმანიამ პროექტ „ახალი ტფილისის“ შესახებ ისაუბრა

დავით ნარმანიამ პროექტ „ახალი ტფილისის“ შესახებ ისაუბრა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2014-2017 წლების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას  პროექტ „ახალი ტფილისის“  შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, 2016 წლის პროექტებს შორის უმნიშვნელოვანესია დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, მარჯანიშვილის  მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია. მისივე თქმით, პროექტ „ახალი ტფილისის“ მიზანია, თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, აღდგენა-რესტავრირება და  ეკონომიკის სტიმულირება. პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნა-განვითარებას.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, პროექტ „ახალი ტფილისის“  ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახით  51 ისტორიული შენობა აღდგა, რომელთა შორის 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა  ღვინის აღმართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. განხორციელდა ზემო კალის რეაბილიტაცია, რომელიც 20-მდე შენობას და 15-მდე ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს მოიცავს. დასრულდა ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნის რეაბილიტაცია, რაც ისტორიულ-კულტურული ძეგლების დროებით გამაგრებას, საინჟინრო კომუნიკაციების აღდგენა-რეაბილიტაციას, გზის სავალი ნაწილის მოწესრიგებას და 14 შენობის პროექტირებას ითვალისწინებს.  ასევე, დასრულდა ისტორიული ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის I  ეტაპი.  აღდგა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თუმანიანის მეორე ჩიხი N 3-ში მდებარე შენობას, ასევე, განხორციელდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის აღდგენა-რეაბილიტაცია და ოლიმპიადისთვის მომზადება.

„ქალაქს შეემატა 380 მეტრიანი საფეხმავლო ქუჩა, რომელიც გახდა აქტიური საჯარო სივრცე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, საინტერესო და მიმზიდველი ტურისტებისთვის და საინვესტიციო ჯგუფებისთვის, რაც დედაქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის საწინდარია“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

პროექტ „ახალი ტფილისის“  ფარგლებში, ასევე, განხორციელდა 3 ისტორიული სადარბაზოს აღდგენა-რესტავრაცია, 4 მისამართზე მოეწყო სარეკრეაციო ზონა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმსა და მიხეილ შენგელაიას სახელობის ქართული  მედიცინის ისტორიის მუზეუმს.

„ახალი ტფილისის“ I ეტაპის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მლნ-მდე ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში კი  1 200 - მდე ადამიანი დასაქმდა.