მეგის ქარდავა ნაცემი იყო დაკავებამდე და მას დარჩა ამ ცემის კვალი

მეგის ქარდავა ნაცემი იყო დაკავებამდე და მას დარჩა ამ ცემის კვალი

მეგის ქარდავა ნაცემი იყო დაკავებამდე, მას დარჩა ამ ცემის კვალი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მიხეილ ლოტოცკიმ განუცხადა.

“მეგის ქარდავა ნაცემი იყო დაკავებამდე. მას დარჩა ამ ცემის კვალი. შესაბამისად, ის არ უცემიათ დაკავებისას ან იზოლატორში ყოფნისას. როგორც აღვნიშნე, ის ნაცემი იყო დაკავებამდე, თუმცა ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ვინ ცემა, არ ვფლობ და თვითონ მეგის ქარდავა არ ამბობს“, - განაცხადა მიხეილ ლოტოცკიმ.

რაც შეეხება იმას, რატომ არ ესწრებოდა ქარდავა სასამართლო პროცესს, ადვოკატის განმარტებით, შესაბამისი შუამდგომლობით მოსამართლეს დაცვის მხარემ ქარდავას უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმართა.

„ივანო-ფრანკოვსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოში გუშინ სხდომა გაიმართა. სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება მეგის ქარდავასთვის 40-დღიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

მეგის ქარდავა აღნიშნულ სხდომაზე არ იმყოფებოდა, ვინაიდან ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს, რომ მეგის ქარდავას იზოლატორი არ დაეტოვებინა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. ამიტომაც ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით მოხდა მასთან დაკავშირება“, - აღნიშნა ქარდავას ადვოკატმა.

მეგის ქარდავას ცემის შესახებ ინფორმაცია დღეს „ინტერპრესნიუსს“ მისმა ქართველმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა მიაწოდა.