მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ უვიზო რეჟიმის პირობების სავარაუდო დამრღვევები უკან ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით დააბრუნონ

მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ უვიზო რეჟიმის პირობების სავარაუდო დამრღვევები უკან ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით დააბრუნონ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, არჩილ ყარაულაშვილის ინფორმაციით, შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის ვადების შესაძლო დარღვევის შემთხვევებზე რეაგირება არის საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის მოკითხვა, ინფორმაციის მიღება და მოთხოვნა, რომ უვიზოდ მოგზაურობის წესებს დაემორჩილოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ყარაულაშვილმა განუცხადა, რაიმე სადამსჯელო ღონისძიებებს ქართული მხარე ვერ გაატარებს, მაგრამ ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შესაძლებელია საქართველოს მოქალაქე სამშობლოში დააბრუნონ.

„მოწესრიგებულია აღრიცხვის სისტემა. ჩვენი სასაზღვრო პოლიცია აღრიცხავს იმ პირებს, ვინც გავიდა საქართველოდან და 90 დღის შემდეგ უკან არ შემოსულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი ავტომატურად დამრღვევია. შეიძლება შენგენის ზონა დატოვა და მესამე ქვეყანაში გადავიდა. თუმცა ძალიან დიდია რისკი, რომ საქმე გვქონდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევასთან, ამიტომ შემდეგ, რა თქმა უნდა, ხდება შესაბამისი რეაგირება. ეს ხდება არსებული მექანიზმებით - მეგობრების თუ ახლობლების მეშვეობით ამ ადამიანთან კონტაქტზე გასვლა და გარკვევა, მართლა დაარღვია თუ არა შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის წესები და მოთხოვნა, რომ მისდიოს ამ წესებს. საქმე იმაშია, რომ ასეთი ადამიანი ქართული კანონმდებლობით სამართალდამრღვევი არ არის, ამიტომ მასზე ჩვენი მხრიდან სადამსჯელო ღონისძიებების გატარება ვერ მოხდება, მაგრამ შეიძლება, იგივე ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ეს ადამიანი დაბრუნდეს უკან. კონკრეტულ შემთხვევებს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, შს სამინისტროს მიერ აღრიცხულია ყველა ის პირი, ვინც სავარაუდოდ, დაარღვია უვიზო მიმოსვლის წესები. თითოეულ შემთხვევაზე ხორციელდება რეაგირება, თუმცა ეს რეაგირება არის მოკითხვა, ინფორმაციის მიღება, მოთხოვნა, რომ თუ არღვევს, დაემორჩილოს წესებს და ა.შ.“, - განაცხადა ყარაულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა, საიდანაც უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, 9 875-მა მოქალაქემ დაარღვია.