სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ ოქტომბერში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს, - ამის შესახებ აზნაურაშვილმა ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, 11 მილიონი ლარიდან პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 8 მილიონი ლარი დახარჯეს.
„ოქტომბერში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა სუბიექტებმა ჯამურად შემოწირულობის და საბიუჯეტო რესურსების ჩათვლით 11 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღეს. გახარჯულია 8 მილიონი ლარი. 3 მილიონი ლარი ნაშთად არის დარჩენილი, სავარაუდოდ, მეორე ტურისთვის გამოსაყენებლად. რაც შეეხება კონკრეტულად მხოლოდ შემოწირულობებს, საბიუჯეტო რესურსის გამოკლებით, 4 მილიონი ლარია შემოსული. ლიდერობს „ქართული ოცნება“, შემდეგ მოდის „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
რაც შეეხება კითხვის ნიშნებს, აზნაურაშვილის განცხადებით მხოლოდ ოქტომბერში 22 შემომწირველის მიმართ აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებს.
”22 პირის მიმართ მიმდინარეობს მოკვლევა, რადგან 3 წლის განმავლობაში მათი პირადი შემოსულობები იმაზე ნაკლებია, ვიდრე პარტიას შეწირეს. ამ პირებს უახლოეს მომავალში დავიბარებთ გამოკითხვაზე”, - განაცხადა აზნაურაშვილმა და დასძინა, რომ საარჩევნო პერიოდში მთლიანად 50 პირის მიმართ მიმდინარეობდა მოკვლევა.
აუდიტის სამსახურმა პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით მეორე შუალედური ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.