ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და ამის საჭიროებასაც ვერ ვხედავ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები.
„მე რამდენადაც ვიცი, ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი სიმართლეს არ შეეფერებოდა, არასწორი ინფორმაციის გაჟღერება მოხდა გუშინ. ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, უწყების ცნობით, მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, ვადაზე ადრე გათავისუფლდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია.