ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად შესაბამის ისტორიულ მომენტს უნდა დაველოდოთ

ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად შესაბამის ისტორიულ მომენტს უნდა დაველოდოთ

რუსეთში აგრესიული განვითარების პერიოდები და შედარებით კონსტრუქციული პერიოდები ერთმანეთს ენაცვლება, ამიტომ, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ჩვენ შესაბამის ისტორიულ მომენტს უნდა დაველოდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ზომებს მიმართავს საქართველო ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციისთვის, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხში სიფრთხილე და მოთმინებაა საჭირო.

„ჩვენ საქმე გვაქვს რუსეთთან, ამიტომ, სიფრთხილე და მოთმინება გვმართებს. რუსეთი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და მსხვილი ბირთვული სახელმწიფოა, ამიტომ, მნიშვნელოვანია პროვოკაციებზე არ წამოვეგოთ. ფრთხილი მოქმედება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რუსეთთან კონფლიქტებს უნდა მოვერიდოთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველო ისტორიულ მომენტს უნდა დაელოდოს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ნიშნავს „ისტორიული მომენტი“, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ მაგალითად, ისტორიული მომენტი იყო ბერლინის კედლის დაცემა.

„ბერლინის კედლის დაცემა იყო მომენტი, როდესაც ევროპელებს გაუჩნდათ შანსი ხელოვნურად გავლილი საზღვრები მოეშალათ. მავთულხლართები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბერლინის კედლის ანალოგია. სანამ ასეთი მომენტი დადგება, ჩვენ ქვეყნის ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ, განვავითაროთ კონტაქტები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან და უზრუნველვყოთ სტაბილურობა იმ ისტორიული მომენტისთვის, რომელსაც ჩვენ ველოდებით“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.