უზენაესი კანონმდებელი

უზენაესი კანონმდებელი

არსებობენ ქვეყნები და არსებობენ ტერიტორიები.

ქვეყნებიდან ზოგი სამეფოა (მაგალითად – დანია და შვედეთი, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ არ იცის!), ზოგი – საპრეზიდენტო რესპუბლიკა (მაგალითად საფრანგეთი და არგენტინა, მაგრამ არა – ნორვეგია ან მალაიზია, რაც არ იცის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა თემურ ალასანიამ!), ზოგი საპარლამენტო რესპუბლიკაა (მაგალითად – კანადა, ინდოეთი, ავსტრალია…), ხოლო ზოგი – ბანანის რესპუბლიკა… თანაც, ისევე, როგორც ზოგ საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი რეალურად აღმასრულებელ ძალაუფლებას არ ფლობს, ასევე ზოგიერთ ბანანის რესპუბლიკაში ბანანი არ ხარობს…

საქართველო ბოლო 20 წელია ისევ დამოუკიდებელია.

თავიდანვე ჩაითვალა, რომ საქართველო, როგორც ინდივიდუალისტების ქვეყანა, განწირული იყო საპრეზიდენტო მმართველობისათვის… და მის მერე მართლაც განწირულები ვართ… ვერცერთმა პრეზიდენტმა ვერ მიიყვანა ბოლომდე თავისი საპრეზიდენტო ვადა, ვერცერთმა ვერ მოახერხა თავდაპირველი არანახული მხარდაჭერის შენარჩუნება. სამივეს შემთხვევაში აშკარა იყო თავიანთი დაპირებებიდან დისტანცირება და დემოკრატიული მმართველობის ლოზუნგის უკან პრივილეგირებული კლანებისა და არაკვალიფიცირებული კადრების კორუმპირებული და არაეფექტური ქსელის ჩამოყალიბება, რაც საბოლო ჯამში ხდებოდა კიდეც პრეზიდენტების დამარცხების მთავარი მიზეზი. თუმცა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგარეო ფაქტორი – გამსახურდიას შემთხვევაში რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი სამხედრო გადატრიალების, ხოლო შევარდნაძის შემთხვევაში – რბილი გადატრიალების ამერიკული ტრენინგების სახით… სააკაშვილმა ყველაზე მეტს მიღწია, ყველაზე ბევრი მოინდომა, ყველაზე მეტი დაკარგა, მაინც ყველაზე დიდხანს გაძლო და არაა გამორიცხული – ყველაზე სისხლიანად წავიდეს…

მაგრამ სააკაშვილის მმართველობაში მოხდა ის, რაც არასოდეს მანამდე ასე აშკარა არ ყოფილა – ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ მეტ-ნაკლებად უცვლელი ფორმის მუდმივი ცვლილებები დაიწყო, პარლამენტის უფლებები მუდმივად იკუმშებოდა, ხოლო პრეზიდენტის – იზრდებოდა. ამის პარალელურად დაიწყო სასამართლოში ძალაუფლების გადასვლა პროკურატურის ხელში და ადვოკატურის, როგორც სასამართლოს კომპონენტის სრული იგნორირება. საბოლოო ჯამში უზენაესი სასამართლო რეალურად იქცა უცხოელ ექსპერტებთან თავის მოსაწონებელ ფიტულად, რომლისადმი ნდობა თურმე იმის პარალელურად იზრდება, როგორც იზრდება სასჯელის წარმოუდგენელი სიმკაცრე და მცირდება გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ეს გამოკითხვები ტარდება სწორედ სასამართლოების შენობებში, და ხშირად სწორედ იმ საცოდავი ხალხის დათრგუნული ახლობლობლები გამოხატავენ აღფრთოვანებას და მზარდ ნდობას სასამართლოსადმი, სადაც პროკურორი კარნახობს მოსამართლეს განაჩენს.

თავიდან დაიწყო სამინისტროების შემცირება და ამ პროცესს დეცენტრალიზაცია დაარქვეს. მერე კი მოხდა სამინისტროების თითქოს შემცირებული კადრების ისევ ზრდა და, რაც მთავარია, ბიუჯეტის სერიოზული ზრდა. რაიონებში გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველობა და გაძლიერდა პრეზიდენტის რწმუნებულების ინსტიტუტი, თან რეგიონების და რაიონების ბიუჯეტიდან სერიოზული თანხების დახარჯვა დაიწყო საკამათო ღირებულების ხელოვნების ძვირადღირებულ ნიმუშებში, ისევე როგორც იმ კონცერტებში, სადაც ცენტრალური ხელისუფლების ცენტრალური გვამები და მათი თანამეცხედრეები უფასო ბილეთებს და მოსაწვევებს ღებულობდნენ ხოლმე.

ქვეყანა თავს იწონებს დემოკრატიით და ყველაზე მეტი, რაც აშენდა, – პოლიციის შენობებია! 93 პოლიციის გამჭვირვალე შენობა – 3 წელიწადში. მართალია, წელს 40-მდე საავადმყოფოც უნდა აშენდეს, მაგრამ არცერთი მათგანი სახელმწიფოს ფულით არ აშენებულა – სახელმწიფომ ეს შენობები სადაზღვევო კომპანიებს აჩუქა და მერე მათი განახლება ან თავიდან აშენება შეაწერა. აი, პოლიციის შენობებს კი სახელმწიფო აშენებს – როგორც დემოკრატიის მახასიათებელ მთავარ გამჭვირვალე ელემენტებს.

უცებ, საქართველოს სახელმწიფო წმინდა საპრეზიდენტო ე.წ. ფრანგულ-ამერიკული მოდელიდან საპარლამენტო-საპრეზიდენტო ანუ გერმანულ მოდელზე გადადის. პრეზიდენტი ძირითადად წარმომადგენლობითი უფლებებით შეიმოსება, ხოლო პრაქტიკულად მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრს გადააბარებს. ამ მოდელის დაფასებული ავტორის აზრით ეს ევროპული ტიპის დე-ფაქტო საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება, მაგრამ იმ იურისტებს და კონსტიტუციონალისტებს, ვისაც წლების განმავლობაში მართლაც რომ საპარლმენტო რესპუბლოკის მოდელზე უმუშავიათ, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს მოდელი პარლამენტის უფლებებს კიდევ უფრო დაასუსტებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი კი იმაზე მეტი უფლებებით იქნება აღჭურვილი, რაც აქამდე პრეზიდენტს ჰქონდა. თანაც (sic!) პრეზიდენტისაგან განსხვავებით პრემიერ-მინისტრი არც 2 ვადით იქნება ლიმიტირებული, არც 3-ით და არც 4-ით! მთავარია მოახერხოს გაყალბების კოდექსის ისე დახვეწა და მედიის, ადმინისტრაციული რესურსის, პოლიციის და სასამართლოების ისეთი კოორდინირებული, შეხმატკბილებული მუშაობა, რომ გაყალბება კარგად შეინიღბოს და!.. მოკლედ, ბევრი ვიარეთ ევროკავშირისკენ და მივადექით სინგაპურს!

პარლამენტი რომ უმაქნისი ბუტაფორია ხდება, ეს იქედანაც ცხადია, რომ პარლამენტი ქუთაისში გადადის, ხოლო მთავრობა თბილისში იმუშავებს. იდეაში პარლამენტი მთავრობას უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ ეს ხომ ახლა წარმოუდგენლად ძვირი დაჯდება! ხოლო ჩვენს მთავრობას ისე უყვარს ეკონომია (თუ ეს კონცერტებს და შადრევნებს არ ეხება…). ვიღაც დათვლის, რა ჯდება ეს ქალაქათაშორის გადაადგილებები და სამთავრობო მოსმენების უფლებამოსილებას და ჯერ ოპოზიციურ ფრაქციებს შეუზღუდავენ, მინისტრების გამოძახება ძვირი ჯდებაო… მერე ალბათ მინისტრების რეგულარული საპარლამენტო ანგარიშებიც სულ უფრო იშვიათად ჩატარდება… რომელიმე ნიჭიერი კანონშემოქმედი – მარადმზადმყოფი ლაშა თორდია ან დახვეწილი გია თორთლაძე შემოიტანს საკანონმდებლო ინიციატივას, რომ მოხდეს კითხვა-პასუხის წერილობით გაცვლა ინტერნეტით ჩეტის რეჟიმში… და საერთოდ, რატომ უნდა მოცდეს მინისტრი, რომელიც პოლიტიკური ფიგურაა, დეპუტატების კითხვებზე პასუხის გასაცემად? ვინ გაიგებს, თუ ინტერაქტივში სამინისტროს მხარეს კომპიუტერთან რომელიმე რეფერენტი გაგა ან კონსულტანტი რუსკა იჯდება, ხოლო მის პასუხების წინ დაეწერება „მინისტრი“?! და მერე და მერე ქუთაისის მხარესაც ხომ შეიძლება დაიხვეწოს ტექნიკა და მთელი ფრაქციის ნაცვლად ერთი რომელიმე ელდარი ან კობა აჭერდეს ხელს ერთდროულად 5 პულტს?!. და 30-ს რომ აჭერდეს?.. ან სულაც 150-ს?!! ხოლო ამ დროს ის დანარჩენი 149 ნეტარი ან მესტიაში ისრიალებს თხილამურებით, ან ლაზიკაში დაკავდება „დაივინგით“! პროგრესი ნეტარების სამსახურში! Cost-efficiency by Misha!

წარმოიდგინეთ, რა ფანტასტიური ცხოვრება იქნება! (ხელისუფლებისთვის! მაგრამ ჩვენი ქვეყანა ხომ ხელისუფლებისათვის არსებობს და არა ხალხისათვის!) – ნაცმოძრაობის მთავრობა თავისთვის ისვენებს თბილისში… ან კიდე უკეთესი – ვენაში, პარიზში, ბოდრუმში, ლონდონში, ბანგკოკში… ნაცმოძრაობის პარლამენტი თავისთვის ისვენებს წყალტუბოში, ლაზიკაში, ანაკლიაში…ან – ბოდრუმში, პარიზში, ვენაში… უზენაესი სასამართლო არ არსებობს… ანუ ვითომ არსებობს, სინამდვილეში კი იქ არავის არ უშვებენ და შიგნით რესტორანია გახსნილი ან – სპა-ცენტრი საუნით და სტრიპ-ბარით! კონტროლის პალატა ოპოზიციის ანგარიშებს ამოწმებს… ეროვნული ბანკი ოპოზიციური პირების ბანკებშია ჩამჯდარი უკუნითი-უკუნისამდე და იქვე აყაჩაღებს, რომ საინკასაციო მანქანაზე შტურმი არ დასჭირდეს… იუსტიციის სამინისტრო ამოწმებს ეროვნული ბანკიდან მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციას იმაზე, რომელ ბიზნეს ფირმას გაეზარდა ცურები მოსაწველად და მერე გადასცემს ოპერატიულ ინფორმაციას შსს-ს, რომელიც ოპერატიულად იღებს გადაწყვეტილებას, რა მეთოდი გამოიყენონ – ნარკოტიკის ჩადება, იარაღის ჩადება, დირექტორის შვილის დაკავება, თუ უბრალოდ – ყავაზე დაპატიჟება და ტკბილი საუბარი… მედია კი მუშაობს შეუსვენებლივ, რომ სეთურის იმედი გააკეთოს და ტერორი დათესოს – თუმცა აქაც მოხდა ოპტიმიზაცია – გველეშაპის სამივე თავმა ჩინეთში და კორეაში გაუშვა კორესპოდენტები და იქ იღებენ მშენებლობებსა და ფერმებს, სტადიონებსა და აკვარიუმებს, ბანკებს და “გონკებს”…, რომელთაც მერე გვიჩვენებენ, როგორც რეპორტაჟებს ზუგდიდიდან და ოზურგეთიდან, ნორიოდან და გონიოდან, ჰერეთიდან და იმერეთიდან… მონტაჟი და მისი ჯანი! – აქა-იქ ლაშა და ნოდარიკო, შიგადაშიგ პაიჭაძის ბიჭის ჰობიექტური “ნდიალოგები”, საღამოს – ტატიშვილ-ანდღულაძის დახვეწილი ჰუმორი, ტომნი მაია და არტილერისტი ნანუკა… და ეგაა – ჭირი – იქა, ლხინი – აქა, ქატო – იქა, ფქვილი – აქა…

და ეს ყველაფერი უკვე დაწყებულია… ბათუმი, რომელიც ბარსელონაა და ანაკლია, რომელსაც არაფერი არაკლია ნიცამდე… ლაზიკა, რომელმაც უკვე სოჭის ოლიმპიადა ჩაშალა და მესტია, სადაც უშბას გამოღრუტნიან და შიგნიდან ჰალოგენებს დაუყენებენ!.. გიგანტი ველოსიპედები გმირი მეფის ადგილზე და #1 გარეკილი – გმირი მეფის ხატებად…

თქვენ გგონიათ, ეს ირონიაა? ან ფანტაზიაა? მეც ეგრე ვიფიქრებდი, რომ არა ერთი სერიოზული კაცი, რომელიც არასოდეს ხუმრობს… მერაბიშვილზე იფიქრეთ? ნურას უკაცრავად, ვანო ხომ თურმე იუმორის მიხედვით არჩევს კადრებს კუდში და სოდში… არა, ზურა ადეიშვილზე ვამბობ, რომელიც #2 იდუმალი პერსონა იყო საქართველოში და ა.წ. 7 ოქტომბრიდან – ერთპიროვნული ლიდერია მაგ ნომინაციაში… ჰოდა, ბატონმა ზურაბმა, რომელიც აქამდე იმით იყო ცნობილი, რომ საქართველის ბიუჯეტში მისი ფირმა ყველაზე დიდი შემომტანია – 112 მილიონი ერთ წელიწადში – ხუმრობა ხომ არაა – აი, Processual Agreement INC.-ის შენატანი ხაზინაში 2010 წელს. წელს ალბათ მოხსნიდა რეკორდს… ჰოდა, ბატონმა ზურაბ ადეიშვილმა 2011 წლის ყველაზე ფენომენალურ დღეს – 29 დეკემბერს (რა არ მოხდა იმ დღეს და რა არ გადაიტანა საქართველოს ბანანის რესპუბლიკამ!) პრაქტიკულად დაიწყო პროექტის „საქართველოს მენეჯმენტის ოპტიმიზაციის“ განხორციელება.

აქამდე საქართველოს უმაღლესი საკანონდებლო ორგანო პარლამენტი იყო… აქ ყველაფერი გამაზულია – არის უმრავლესობა, არის მართული ოპოზიცია, რომელიც ხანდახან ბევრს ბრახუნობს, მაგრამ საჭირო მომენტში საჭიროდ ჩუმდება (მაგალითად, როცა პრეზიდენტი ეკითხება – აბა ვინ არის კორუმპირებულიო?), არის სპიკერი, რომელშიც მომავალში სათამაშო მაგრამ ზრდასრულ პრეზიდენტად მოიაზრება და ფეისბუქზე შარაფისმოყვარული ფანებიც ჰყავს… არის 3 დეპუტატი, რომელიც ყველა საკანონდებლო ინიციატივის ოფიციანტები არიან… არის ერთი ჩიორა, ორი ხათუნა, ერთი პადოში და ერთი მეფურნე. არის მთავრობის საპარლამენტო მდივანიც, რომელიც ისეთ წარმატებებზე ლაპარკობს, რომ გერმანიის მთავრობის მდივანი გეგონება, მაგრამ ნაცმოძრაობის ტრადიციული სენი – სიტყვა „გამჭირვალე“ ყიდის (ისევე, როგორ ინტელექტუალ სპიკერს)… მოკლედ, კონვეირი მუშაობს… წელიწადში 450 ზე მეტი კანონი დაშტამპეს, ამასთან ერთი კანონი 2-ჯერ მიიღეს, მაგრამ რას იზამ, ხდება… შტამპოვკის დროს ხდება ხოლმე… გაეპარათ…

ამას წინ კიდე ერთი უმოკლესი სიტყვა – „ამ“ გაეპარათ და ისეთი ხმაური ატყდა, რომ კორპორაცია Processual Agreement INC.-ის გენერალურმა მენეჯერმა და შეთავსებით იუსტიციის მინისტრმა ჩარევა გადაწყვიტა…

ყველაფერი გენიალური მარტივია!

იმისთვის, რომ გაპარვა არ მოხდეს, საჭიროა რედაქტორი! ან კორექტორი მაინც! თუ მუშაობით გადაძაბულ იურისტებსა და არაიურისტებს რაიმე ისეთი ეპარებათ, რომ ამერიკის საელჩო დასვენების დღიდან საგანგებო მუშაობის რეჟიმში გადადის, ესეიგი კორექტორი მარკშეიდერივით აუცილებელი ხდება და ბატონმა ზურაბმა მარტივად გენიალური გადაწყვეტილება მიიღო:

ამიერიდან საპარლამენტო პროდუქციის ტექსტებზე პასუხს პარლამენტი და მისი ხაბაზები კი არ აგებენ, არამედ სპეციალური ჟურნალ-ორგანოს სპეციალისტი-კორექტორი, რომელიც სადაც საჭიროა, ამოშლის; სადაც საჭიროა, ჩაამატებს; პუნქტუაციას მიხედავს (მაგალითად, წინადადებაში „казнить нельзя помиловать“, სადაც აშკარაა, რომ ვიღაცას მძიმე გამორჩა, დაამატებს ამ მძიმეს და ყველაფერს გასაგებს გახდის); სიტყვებს გადაალაგებს, ისე, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვალოს და ა.შ… მოკლედ, სუფთა ტექნიკური სამუშაოა, რაზეც 450 კანონის მიმღები მაღალი რანგის პროფესიონალები არ უნდა მოცდნენ!!! მით უმეტეს მაშინ, როცა ქუთაისში იქნებიან ნეტარები!

წარმომიდგენია, იმ „ამ“-ის ამოშლის მერე რა მოხდებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორც იაპონია ან გერმანიაა – კრიზისი დაიწყებოდა!

ხოლო ჩვენს საათივით აწყობილ „გამჭირვალე“ და პარლამენტ-/სასამართლო-/მედია-სტაბილურ სისტემაში კი ერთი შეფერხებაც არ მომხდარა! გამოვიდა აკო – საელჩოს უთხრა, თქვენ ხომ არაფერი მიგირტყიათო? აკოს გვერდით დაუდგა პალიკო, რითაც მირტყმის ვერსია არნახულად გამყარდა… ელექტრონულ ვერსიაში ელექტრონულად ჩასწორდა ის, რამაც აკო-პალიკოს „ფაქტი“ უკვე ალიბად აქცია და ბოლოს, ვინმეს რომ არ ეკითხა, რა „საკანონმდებლო მაცნე“, რის „საკანონმდებლო მაცნე“? – კონსტიტუციის მიხედვით ხომ ეს ყველაფერი პარლამენტის ხელახალ სხდომაზე უნდა გასწორებულიყოო? – გამოიცა იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელმაც კონსტიტუციის დეფექტი მყისიერად აღმოფხვრა და „საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქტორს მიანიჭა ჭრის და კერვის იგივე უფლებები, რისთვისაც პარლამენტარები მანქანას, მდივანს, ოთახს, პენსიას, ბილეთებს, ბენზინს, ლაი-ლაი ბარათებს და შეუზღუდავი ლაილაისა და უკონტროლი ლაყაფის კეისრისგან ბოძებულ უფლებებს იღებენ (კრედიტებსა და იგლესიასის ბილეთებზე რომ არაფერი ვთქვათ).

ახლა ერთი სულ ციცქნა ნიუანსი არის მოსაგვარებელი და ამერიკის საელჩოს თუ ბოდიში არ მოახდევინოს სიდედრმაგარმა აკო მინაშვილმა, აგერ ნახეთ!

“საქართველოს მთავარ პიჯაკში”, რომელსაც ადრე „საქართველოს კონსტიტუციას“ უწოდებდნენ, და რომელიც სააკაშვილის მთავრობამ მგონი უკვე 50-ჯერ გადააკეთა, წერია, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არის საქართველოს პარლამენტი, და სწორედ მას აქვს კანონების მიღების უფლება. და კანონში რაიმეს ჩამატება, ამოშლა, პუნქტუაციის ცვლილებები, ნუმერაციის შეცვლა და მით უფრო ისეთი ჭრა-კერვა, რომელიც კანონის აზრს და მნიშვნელობას ცვლის (და თუნდაც რომ არ ცვლიდეს, აოიიიიე!) არის მხოლოდ საქართველოს პარლამენტის უფლება! ხოლო „საკანონმდებლო მაცნე“ არის ჟურნალი, სადაც ეს ყველაფერი ქვეყნდება…

Damned!..

მაგრამ რადგან ახლა ბატონი ზურაბის ამ მარტივი გენიალური ჩასწორებით კონსტიტუცია უკვე მომენტალურად მოძველდა, საჭიროა რამდენიმე ანალოგიურად მარტივი ცვლილებები მთავარ პიჯაკშიც:

1.აღიარებულ იქნას, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საკანონმდებლო ორგანო არის ჟურნალი „საკანონმდებლო მაცნე“, ხოლო უზენაესი საკანონმდებლო პირი – „საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქტორი. მის შემდეგ მოდიან – რედაქტორის მოადგილე, კორექტორი, კომპიუტერული პროგრამირების სპეციალისტი და ბუღალტერი.

2.განისაზღვროს, რომ უმაღლესი „საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქტორის, რედაქტორის მოადგილის, კორექტორის, კომპიუტერული პროგრამირების სპეციალისტის და ბუღალტრის საერთო-სახალხო არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ.

3.მმართველი პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ასახელებს თავის პარტიულ ყრილობაზე 4 უმაღლესი საკანონმდებლო პირის კანდიდატურას, ხოლო ოპოზიცია – ბუღალტრის კანდიდატურებს, რომელთაც 2013 წლამდე ირჩევს და ამტკიცებს პრეზიდენტი, ხოლო შემდეგ – პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამ პირების მიმართ არის ანგარიშვალდებული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. ბუღალტერზე კი მეთვალყურეობას ახორციელებს “ოპოზიციის კონტროლის სახელმწიფო პალატა“.

4.საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტექნიკურ ბიუროს და მას ევალება ჟურნალ „საკანონმდებლო მაცნეს“ დროულად მიაწოდოს განხილული კანონპროექტები და შეთანხმებული ვერსიები, რომელთა ტექსტის რედაქტირებას და დამტკიცებას საკუთარი დისკრეციის ფარგლებში განუხრელად ახორციელებს ჟურნალი „საკანონდებმლო მაცნე“.

გაუმარჯოს საქართველოს გაბრწყინებული რესპუბლიკის მაღალ, ისე-რა და ერცახე ცერეცოებს!