კახიმ მთელი კამპანია ჩაატარა პოზიტიური მესიჯებით, სწორედ ასეთი პოზიტიური, დადებითი და სიცოცხლით სავსე იქნება თბილისი

კახიმ მთელი კამპანია ჩაატარა პოზიტიური მესიჯებით, სწორედ ასეთი პოზიტიური, დადებითი და სიცოცხლით სავსე იქნება თბილისი

ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ კახა კალაძე გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძეს ყველა სხვა მერობის კანდიდატთან შედარებით აშკარა უპირატესობა აქვს. პრემიერის განცხადებით, კალაძე არის პროფესიონალი, თანამედროვე და პრინციპული ადამიანი, რომელიც სჭირდება თბილისს და რომელიც ამომრჩევლის მოლოდინს გაამართლებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თითოეული მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია. “ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კახა კალაძეს და მის გუნდს. ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ კახა გაიმარჯვებს. ჩვენ გვჭირდება ასეთი მერი, პროფესიონალი, თანამედროვე და პრინციპული. ის გაამართლებს ყველას მოლოდინს. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ტრადიციად იქცა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანად ჩატარდება. მთელი კამპანია კახიმ ჩაატარა პოზიტიური მესიჯებით, სწორედ ასეთი პოზიტიური, დადებითი და სიცოცხლით სავსე იქნება თბილისი. თვალშისაცემია ის უდიდესი უპირატესობა, რაც კახას ყველა სხვა კანდიდატთან მიმართებით გააჩნია”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებიან.