ჩვენ ხვალ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ამ ქვეყნის განვითარება სასიკეთოდ შევცვალოთ

ჩვენ ხვალ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ამ ქვეყნის განვითარება სასიკეთოდ შევცვალოთ

ჩვენ ხვალ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ ამ ქვეყნის განვითარება სასიკეთოდ შევცვალოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხვალ საქართველოსთვის და ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია არჩევნებია.

„ძვირფასო მოქალაქეებო, ხვალ ერთხელ და სამუდამოდ ყველამ ერთად, ამ ქვეყანაში უნდა დავამარცხოთ უიმედობა, უპერსპექტივობა და რაც ყველაზე მთავარია, მაფიოზურ - კრიმინალური მმართველობა და ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ხალხს, ჩვენ ყველას ერთად. სულ რამდენიმე საათში - 14 საათში გაიხსნება საარჩევნო უბნები“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, 14 საათი აშორებს ქვეყანას არჩევნებისგან და ხელისუფლებამ გააათკეცა ზეწოლა ამომრჩევლებზე და განსაკუთარებით, საჯარო მოხელეებზე.

„ძვირფასო პედაგოგებო, ძვირფასო საბავშვო ბაღის თანამშრომლებო, ძვირფასო დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებო, ავტობუსის მძღოლებო და სხვა პროფესიის წარმომადგენლებო, ჩვენ გვაქვს ყოვლისშემცველი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ხელმძღვანელები გაიძულებენ თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს, რომ ხვალ საარჩევნო უბნებზე გამოცხადდეთ, მიიყვანოთ საკუთარი ოჯახის წევრები 12:00 საათამდე და ეს ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ დანებდეთ ზეწოლას. ვერავინ დაინახავს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემთ თქვენ ხმას დაცულ საარჩევნო კაბინაში, ამიტომ გვაქვს თქვენი ძალიან დიდი იმედი. ხვალინდელი არჩევნები განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომდევნო ათწლეულებს. ქვეყანაში, სადაც მილიარდელმა ივანიშვილმა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პენსიონრებს ერთი ლარითაც კი არ გაუზარდა პენსია და 2018 წელსაც არ აპირებს პენსიის ზრდას, ეს ქვეყანა მივიღეთ ჩვენ 5 წლის განმავლობაში, სამაგიეროდ, ორჯერ გაიზარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დანამატები და პრემიები. ჩვენ გვყავს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, სადაც ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. პარალელურად გვყავს მილიარდელი ივანიშვილის ხელისუფლება, რომელისც ნაცვლად იმისა, რომ ეხმარებოდეს გაჭირვებულ ადამიანებს, ლარად ისაკუთრებს თბილისის ცენტრს. მთელი დასავლეთ საქართველო განადგურებულია აზიური ფაროსანას მეშვეობით, ოჯახები დარჩენილია ულუკმაპუროდ, ამ დროს ბიძინა ივანიშვილი კომპენსაციასაც კი არ უნაზღაურებს და 5 წლის განმავლობაში ის დაკავებულია საკუთარ კარმიდამოში ხეების გადატანით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და საერთაშორისო დამკვირვებლები ძალიან აქტიურად დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს.

„ნუ შეგეშინდება, ავდგეთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და შემოვხაზოთ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც თქვენს გულთან უფრო ახლოსაა. არ დავნებდეთ ზეწოლას, შანტაჟს და მუქარას“, - განაცხადა მელიამ.