მარნეულში მომხდარი საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანების დაჭრა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არის ხელისუფლების მიერ უკანონობისა და დაუსჯელობის წახალისების შედეგი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს.
გოცირიძის ინფორმაციით, ”გუშინდელი სისხლიანი გარჩევები ”ქართული ოცნების” ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს შორის შიდა დაპირისპირების შედეგი იყო”.
”მნიშვნელობა არა აქვს, ამას შიდაპოლიტიკური მიზეზი ჰქონდა თუ ფინანსური პრეტენზიები ედო სარჩულად. მარნეულში შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების ძალადობრივი ფორმით გაყალბებამ და ”თავისიანი” კრიმინალური წრეების დაუსჯელობამ, რაიონში კრიმინალის გააქტიურების ნოყიერი ნიადაგი შექმნა. ”ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ მომხდარი დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს გადააბრალონ, არის პოლიტიკური სიბეცე და უნამუსობა. მომხდარ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” რომან გოცირიძემ.
ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი ამ დროისთვის დაკეტილია. მარნეულში, საავადმყოფოში რჩება წუხანდელი თავდასხმის შედეგად დაჭრილი 4 პირი. საავადმყოფოსთან იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.